გია ვოლსკი - ახალგაზრდების, განსაკუთრებით ჟურნალისტების დიდი წრე მონაწილეობს საბოტაჟური სახის მოქმედებების დაგეგმვაში, ეს არის პოლიტიკური დაპირისპირებების ბნელი მხარე
ახალგაზრდების ძალიან დიდი წრე, განსაკუთრებით ჟურნალისტების, მონაწილეობას იღებს რაღაც კონსპირაციული, დეზინფორმაციული, საბოტაჟური სახის მოქმედებების დაგეგმვაში, რისი მომსწრეებიც ვართ ყოველდღიურად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ის ბნელი მხარე პოლიტიკური დაპირისპირებებისა, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს ყოველდღიურობაში ახასიათებს.
„მოცემულია რეალობა, რომელიც რაიმე დამატებითი შეკითხვის წინაპირობას არ ქმნის. საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იმართებოდეს სახელმწიფო კანონებით, არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები, ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, მათ შორის, ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც, რომ არ შეიძლება სახელმწიფოში იყოს ქაოსი და არ შეიძლება, სახელმწიფო იმართებოდეს ფანჩატურში დაწერილი წესებით და დღის წესრიგით. ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით ყოველდღე. ყოველდღე უნდა ვამტკიცოთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო არის დამოუკიდებელი, რომელი პერიოდიც უნდა ავიღოთ, იწერებოდა კანონები და მათი მიხედვით ცხოვრობდა ქვეყანა და არა იმ კანონების მიხედვით, რომელსაც გვკარნახობენ. არის თუ არა თვალსაჩინო დარღვევა, რომელიც განაპირობებს პროკურატურის მოთხოვნას ჩვენ წინაშე. არის თვალსაჩინო. აქედან გამომდინარე, ყველას გვახსოვდეს, რომ ამ თვალსაჩინოების სიმძიმეზე იმსჯელებს სასამართლო და არა თუნდაც პარლამენტი. ვალდებულია თუ არა პარლამენტი, მისცეს სასამართლოს ეს შესაძლებლობა, ადვოკატებსაც, ბრალდებულებსაც, რომ ერთმანეთს სხვადასხვა აზრით დაუპირისპირდეს, რასაკვირველია, ვალდებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შედგება არც სახელმწიფო და არც პატივისცემას დაიმსახურებს. საზოგადოებას წარმოადგენს პარლამენტის ის გუნდი, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით არც ერთი ჩვენგანი არ არის ემოციისგან დაცლილი ადამიანი. მოცემულობაა ისეთი, როდესაც ჩვენ გვეკითხებიან, არსებობს თუ არ არსებობს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას. ეს რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, რასაკვირველია, საგანგებო მნიშვნელობისაა. არაერთი მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ. არსებობს კიდევ ერთი რეალობა. რეალობა არის საკმაოდ თვალსაჩინო. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მას ვერ ხედავს. ეს არის ის, რომ არცთუ გავლენიანი დეპუტატი რუსეთის ფედერაციის, აკეთებს განცხადებას, რომელიც ამ მედიასაშუალებების მთავარ ამოსავალ წერტილად იქცა და თავადვე დაუსვეს შეკითხვა, მიიღეს პასუხი. რა ცუდები არიან ისინი, ვინც ჩვენ გვიპირისპირდება და რა კარგები ვართ ჩვენ. ახლა ელემენტარულად უნდა შევაფასოთ, ვის აწყობს ეს განცხადება, ვის აწყობდა სავარძელში ჩახტომა, ვისი დაკვეთით ან ინტერესით შეიძლება, მოქმედებდეს ესა თუ ის ადამიანი, რომელიც ოკუპანტ სახელმწიფოს ძალას წარმოადგენს. აქაც შეკითხვები ზედმეტია. არის კიდევ ერთი გარემოება. ახალგაზრდების ძალიან დიდი წრე, განსაკუთრებით ჟურნალისტების, მონაწილეობას იღებენ რაღაც კონსპირაციული, დეზინფორმაციული, საბოტაჟური სახის მოქმედებების დაგეგმვაში, რისი მომსწრეებიც ვართ ყოველდღიურად. ეს არის ის ბნელი მხარე პოლიტიკური დაპირისპირებებისა, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს ახასიათებს ყოველდღიურობაში. ვიმსჯელოთ საკითხებთან დაკავშირებით, გვაქვს თუ არა ვალდებულება, გვაქვს; არის თუ არა პოლიტიკურად გამართული ჩვენი ნაბიჯები სახელმწიფოს წინაშე, არის; აქედან გამომდინარე გავაკეთოთ დასკვნები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.