გია ვოლსკი - აკაკი ბობოხიძის განცხადება არის ამოხეთქვა იმ სიმართლის, რაზეც ოპოზიცია გეგმას ალაგებს
კაკო ბობოხიძის განცხადება არის ამოხეთქვა იმ სიმართლის, რაზედაც ოპოზიცია ფიქრობს და გეგმას ალაგებს,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მას ძალიან უნდა, რომ საკითხი ჩავარდეს.
ვოლსკის თქმით, ოპოზიციას პოლიტიკური პატიმრების თემით სპეკულირება სურდა.
ამასთან, ვოლსკის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების არდამტკიცების სურვილი, დესტრუქციული პროცესების სურვილს ნიშნავს.
„ვერანაირ სიტუაციაში ვერ იპოვეს წარმატება, ვერც ფაროსანამ უშველათ, ვერც პანდემიამ და ვერც ვირუსმა. ახლა პოლიტიკური პატიმრების თემით უნდოდათ სპეკულაცია. ახლა სურვილი იმის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გავიდეს, ეს არის სურვილი იმის, რომ დესტრუქციული პროცესები წავიდეს და არჩევნებმა მეორე პლანზე გადაიწიოს, რომ იქნებ, როგორმე რევოლუცია მოახდინონ, რომელმაც ასევე ვერ მოუტანა წარმატება მათ მცდელობებს, რაც 20 ივნისს მოხდა“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნით, „ევროპულ საქართველოზე“ სრულად პასუხისმგებლობის გადატანა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხდება.
თუმცა, ბობოხიძის თქმით, პირველი მოსმენით ჩავარდნის შემთხვევაში, ივანიშვილს ნაწილობრივ მათზე გადაბრალების საშუალება ექნებოდა.
მისივე განმარტებით, „ევროპულმა საქართველომ“ მონაწილეობა მიიღო პირველი მოსმენით კენჭისყრაში, რა დროსაც ჩავარდნის შემთხვევაში, საკითხი იხურება, მეორე, მესამე მოსმენისას კი შესაძლებელია, საკითხი სხვა დროს კენჭისყრაზე კვლავ გავიდეს.
ამასთან, ბობოხიძის განცხადებით, მას სურს, საკითხი ჩავარდეს: „თუ არ გავიდა საკითხი, ჩვენ პირდაპირ დავუსვამთ ბიძინა ივანიშვილს საკითხს, ჩვენი ხმები გჭირდება ისევ ვერ გაგაქვს?გამოუშვი რურუა და დაგიბრუნდება ეს ხმები. 20 კია რა, 27 ხმა. ოღონდ ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხს ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანს“,- განაცხადა ბობოხიძემ.