გია ვოლსკი - ადამიანი არ არსებობს, რომელიც კანონის წინაშე უნდა იყოს დაჩაგრული, ეს არც ეკლესიის კანონში წერია და მით უმეტეს, არც სამოქალაქოში
ვოლსსაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესაცვლელი არაფერია.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ანტიდისკრიმინაციულ კანონში ყველაფერი საკმაოდ დაბალანსებულად არის წარმოდგენილი.
„ადამიანი არ არსებობს, რომელიც კანონის წინაშე უნდა იყოს დაჩაგრული. ეს არც ეკლესიის კანონში წერია და მით უმეტეს, არც სამოქალაქოში. კანონში შესაცვლელი არაფერია, მაგრამ გარკვეული დათქმებია, იგივე კანონში, როდესაც არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება, სახელმწიფოს, საზოგადოებრივ წესრიგს ან ზნეობრივ პრინციპებს ზიანი მიაყენოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანონის მოთხოვნები ყველასთვის ერთი და იმავეა, არავინ არ უნდა ეცადოს, ეს კანონი თავის მხარეს გადაქაჩოს. სახელმწიფო სხვანაირად ვერავის მიუდგება. ყველა ჩვენი მოქალაქეა და გარკვეული პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა ავიღოთ. განსაკუთრებით იმ ხალხმა, ვინც ამბობს, რომ ეკლესიის კანონები იცის, მათ უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ დამოკიდებულებებს საკითხების მიმართ. არსებობს კანონი და ამ კანონის აღსრულების აუცილებლობა, ვალდებულება ყველა მოქალაქისგან, მათ შორის სასულიერო პირების მხრიდან“, – განაცხადა ვოლსკიმ.