გია ვოლსკი - ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, „შავ სიაში“ არიან, სხვა „შავი სიების“ შეადგენას ცდილობენ
გია ვოლსკი - ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, „შავ სიაში“ არიან, სხვა „შავი სიების“ შეადგენას ცდილობენ

ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, „შავ სიაში“ არიან, ცდილობენ, სხვა „შავი სიები“ შეადგინონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ე.წ. შავი სიის შედგენის შესახებ.

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიცია სწორედ მსგავსი პერფორმანსებით ცდილობს საკუთარი პოზიციის გამყარებას.

„ეს „შავი სია“ ახალი ამბავი არ არის. ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, „შავ სიაში“ არიან, ცდილობენ, სხვა „შავი სიები“ შეადგინონ და ასეთი პერფორმანსებით და ფლეშმობებით გაიმყარონ პოზიცია. არასწორი თემაა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად არის უზნეობა, ასევე თვითონ ადამიანები, ვინც „შავ სიას“ ადგენდნენ, მუდმივად ამით იყვნენ დაკავებულნი და შემდეგ ამ სიაში მოხვედრილები ეწამებოდნენ, ან სიცოცხლეს კარგავდნენ, ან ღირსებას. იგივე ფანდების გამეორება, ვფიქრობ, აღარ გამოუვათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციის „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ წევრების განცხადებით, პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა სია 8 იანვარს გამოქვეყნდება. მათივე განცხადებით, გარდა მსხვერპლებისა, ე.წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც მოხდება, რომელსაც  საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნიან და მათგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.