გია ვოლსკი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პროვოკატორებს ეკისრებათ
გუშინდელი მოვლენები გრძელი თემაა, რომელიც ორ სიტყვაში ვერ ითქმის. საშუალება მომეცით, დავესწრო პოლიტიკური საბჭოს სხდომას და შემდეგ გავაკეთებ კომენტარებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებზე, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა პროვოკატორებს ეკისრებათ. ამასთან, მისივე თქმით, რუსი დეპუტატის განცხადება იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე მას ზუსტად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე დაჯდომა შესთავაზეს, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საზოგადოებამ მის განცხადებებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.
„გავრილოვის განცხადებებს დიდად ნუ დაეყრდნობით. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგ თემაზე ვიკრიბებით. პასუხისმგებლობა პროვოკატორებს ეკისრებათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა დღეს 12:00 საათზე დაიწყება. პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.