გია ვოლსკი აცხადებს, რომ პროტესტის გამოხატვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, სხვაგანაც შეიძლება
პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც ვიცი, გასულ წელს დაიგეგმა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა და საკუთარი პოზიციების დაფიქსირება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, სხვაგანაც შეიძლება.
„პარლამენტი არ არის მხოლოდ შესასვლელი ნაწილი. არსებობს გარკვეული სტანდარტი პროტესტის გამოხატვის, რომელსაც წინ ვერ აღუდგები, მაგრამ არის კიდევ სხვა ტერიტორიები, რომელიც საკმაოდ წარმოჩენილიც არის და საკმაოდ სერიოზულ ადგილს წარმოადგენს იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი პოზიცია დააფიქსიროს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურის მოწყობა ყველასთვის მისაღები და მისასალმებელი იქნება.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მერია პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ტერიტორია უკვე შემოღობილია.
ამასთან, პარლამენტის შენობასთან დღეს აქცია-პერფორმანსი გაიმართა. შეკრებილებმა პარლამენტთან დამონტაჟებულ ღობეზე პლაკატები გააკრეს და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საკანონმდებლო ორგანოს წინ ტერიტორიის შემოღობვა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების შეფასებით, ხელისუფლებას აქციების ეშინია და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყების მიზანი სწორედ საკანონმდებლო ორგანოს წინ პროტესტის შეჩერებაა.