გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან არჩევნებში გამარჯვებაზე საუბარი წინასაარჩევნო ბაქიბუქია
რაც შეეხება თვითონ კანდიდატურებს, დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, დამარცხებისა და გამარჯვების შესახებ საუბარს, რასაკვირველია, ეს წინასაარჩევნო ბაქიბუქია, მაგრამ საზოგადოებას დღეს უნდა ჰქონდეს სრული ანალიზი, ვისთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე საუბარი წინასაარჩევნო ბაქიბუქია.
ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციის დეპუტატებს არჩევნებში მცირე შანსები აქვთ.
„მთავარი თემა არის ის, რომ საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს ერთობა. ვთქვათ, იგივე ოქრუაშვილი, რომელიც გუშინ რუსეთის პლათფორმიდან ადანაშაულებდა სააკაშვილის ხელისუფლებას იმაში, რომ მას ამა თუ იმ ადამაინების მოკვლას, ლიკვიდაციას ავალებდნენ და ის უარს ამბობდა. ასევე ბევრი სხვა თემა, რომელიც ამ პიროვნებებს ერთმანეთისგან აცილებს თავისი წარსულით, პათოსით, დამოკიდებულებით საკითხების მიმართ.
აქ გამოჩნდა, რაზეა ლაპარაკი, რომელ ერთობაზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოსაყენებლად სჭირდება, მხოლოდ იმისათვის, რომ რაოდენობა შეადგინოს.
რაც შეეხება თავად კანდიდატურებს, დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, დამარცხებისა და გამარჯვების შესახებ საუბარს, რასაკვირველია, ეს წინასაარჩევნო ბაქიბუქია, მაგრამ საზოგადოებას დღეს უნდა ჰქონდეს სრული ანალიზი, ვისთან გვაქვს საქმე. რით განსხვავდებიან ეს ადამიანები ერთმანეთისაგან და სად არის გაერთიანების მთავარი წერტილი. ეს არის დამოკიდებულება საკითხებისადმი, რასაც ჰქვია მთლიანად სტრატეგია მათი, დესტრუქციული ბაქიბუქი და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება იმის თაობაზე, რომ მათ ხმები უნდა დაიცვან მაშინ, როდესაც ხმები და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი ამ ქვეყანაში და ამას შეძლებს სახელისუფლო რგოლი.
ვფიქრობ, არჩევნებთან დაკავშირებითაც საკმაოდ მცირე შანსები აქვთ ოპოზიციის დეპუტატებს, მათ შორის თბილისში და ყველაფერს საზოგადოება გადაწყვეტს საბოლოო ჯამში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.