გია ვოლსკი აცხადებს, რომ გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტის ჩავარდნა ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნა ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია.
გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატების ხმა სათანადოდ არ ისმის.
„კანონპროექტზე ერთი შეთანხმებული პოზიცია გაგვაჩნია და კენჭისყრაზე დადგება თუ არა, ყველას მხარდაჭერას მიიღებს. სხდომათა დარბაზში აკუსტიკა გაუმჯობესებას მოითხოვს, რადგან საკმარისია ოდნავ ხმაური იყოს, გამომსვლელის ხმა იხშობა, ეს გამოსასწორებელია. შეიძლება, დეპუტატები უყურადღებოდ არიან და ოპოზიცია კიდევ სხვა ბევრ რამეს იტყვის, მაგრამ ყველაფერი კი არ უნდა გავიმეოროთ. თვითონ ხომ სულ ყურადღებით არიან, მიჩერებული არიან და მოხსენებებიდან სიტყვებს კრეფენ. თუ სადმე უყურადღებობა, კივილ-წივილი, ისტერიკა გვინახავს, ოპოზიცია ყველას აჭარბებს და ამ თვალსაზრისით რეკორდი მოხსნა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი დღეს ჩავარდა. დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს დღეს უყარეს კენჭი, ცვლილებებს 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტით, იგეგმებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებოდნენ პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარი იყო იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.