გია ვოლსკი აცხადებს, რომ გაერო-ს რეზოლუციის მთავარი მიზანი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მსოფლიოს პოლიტიკური დამოკიდებულების მობილიზებაა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის მთავარი ამოცანა არა რუსეთის ქმედებების შესწორება, არამედ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მსოფლიოს პოლიტიკური დამოკიდებულების მობილიზებაა.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, რეზოლუცია ჰუმანიტარული შინაარსის არის, მაგრამ ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.
„თუ მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება, მოწინააღმდეგეთა რაოდენობას აკლდება და თუ პოზიცია რამდენიმე ქვეყანამ კიდევ შეიცვალა, ეს არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური პოზიტივი, რაზეც შეგვიძლია, ხმამაღლა ვისაუბროთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.