გია ვოლსკი აცხადებს, რომ ცხინვალის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის დაშინების მცდელობით არის გამოწვეული
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ცხინვალის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ხალხის დაშინების მცდელობითა და სახელმწიფოებრიობანას თამაშითაა გამოწვეული.
ვოლსკი აღნიშნავს, რომ ხალხი ერთმანეთთან კავშირს მაინც ამყარებს, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან.
„ეს ადამიანები არიან მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრები, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთობა უნდათ. მით უმეტეს, თუ ჩვენი პოლიტიკა მათ პირდებათ ბიზნესის თუ სხვა სფეროში კარგ შეთავაზებებს. რა საკვირველია, ამ დროს, სიტუაცია უნდა დაძაბო, არარსებული გენოციდი მოიგონო და ეცადო, რომ ხალხთა შორის დაძაბულობის ის ხარისხი ჩამოვარდეს, რაც საოკუპაციო რეჟიმის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა.