გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე „ლელოს“ საკანონმდებლო ცვლილებები პოპულისტურია
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე „ლელოს“ საკანონმდებლო ცვლილებები პოპულისტურია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე „ლელოს“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები პოპულისტურია.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ანტიკორუფციული თემა პოპულარულია, თუ ოპოზიციაში ხარ, უნდა ისაუბრო კორუფციაზე, ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემებზე, მაგრამ თავიდან რომ იმაზე მიანიშნებ, სახელმწიფო კირუფციაში ჩაფლულია, ყველაფერი დაინგრა და პერსპექტივა აღარ არსებობს, ამ კანონპროექტის მიღების გარდა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვისთან ერთადაც კანონი უნდა მიიღო, პრაქტიკულდ მას უპირისპირდები. კანონპროექტის თემა უფრო პოპულისტურად გამოსაყენებელ მექანიზმად მესახება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გავაანალიზოთ, რას გვეუბნებიან იმ საერთაშორისო რეიტინგებთან მიმართებაში, რომელიც აღიარებს, რომ საქართველო ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით მოწინავე ადგილებს იკავებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში მძლავრად არის ფესვებგადგმული ნეპოტიზმი და კორუფცია.