გია ვოლსკი - 33 პარტიიდან ყველა არ არის პარტია, რამდენიმე პოლიტიკური ინდმეწარმეა, მათ გამაერთიანებელი აქვთ დესტრუქციის, არეულობის მცდელობა
33 პარტიიდან ყველა არ არის პარტია, რამდენიმე პოლიტიკური ინდმეწარმეა, მათ გამაერთიანებელი აქვთ დესტრუქციის, არეულობის მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, გაერთიანებული ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრასა და მემორანდუმის გაფორმებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია პოლიტიკური სუბიექტების ერთობაა, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციას ჰპირდება.
„33 პარტიიდან ყველა არ არის პარტია, რამდენიმე პარტიაა და დანარჩენი პოლიტიკური ინდმეწარმე, ასე, პირობითად რომ ვთქვათ. რაოდენობით ბევრი ჩანან, ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ და გარდა ამისა, გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის მცდელობა და ამას თავის განცხადებებშიც ადასტურებენ. გუშინ, ეს პარტიები ერთმანეთს კრემლის აგენტებს და დასავლეთის მონებს ეძახდნენ. ეს გაერთიანება არის ადამიანების, პოლიტიკური სუბიექტების ერთობა, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციას, დესტრუქციას და მადლობა ღმერთს, რომ „ქართულად ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები. ვფიქრობთ, საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ ვითარებას და სწორ არჩევანს გააკეთებს სტაბილურობის სასარგებლოდ“, – გია ვოლსკი.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ მემორანდუმზე შეხვედრა გამართა, სადაც დეკლარაციას ხელი მოაწერეს.