გია ვოლსკი - 300 000 ადამიანს პირადობა ჩამოართვეს, გადასცეს 100 000 ადამიანს, რომლებმაც 3-3 უბანი შემოიარეს, ოპოზიციაში სწორედ ასეთი ზღაპრის საფუძველზე ითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას
300 000 ადამიანს პირადობა ჩამოართვეს. ეს პირადობები 100 000 ადამიანს გადაეცა, რომლებმაც, თავიანთი ხმის გარდა, 3-3 უბანი შემოიარეს, უშველებელი სატრანსპორტო გადაადგილებები ხდებოდა მთელ საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში სწორედ ასეთ ზღაპარს ჰყვებიან და ამ ზღაპრის საფუძველზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
„300 000 ადამიანს ჩამოართვეს პირადობა და არავინ არაფერი უთხრა. ამ 300 000 ადამიანის პირადობა გადაეცა 100 000 ადამიანს, რომლებმაც, თავიანთი ხმის გარდა, 3-3 უბანი შემოიარეს, უშველებელი სატრანსპორტო გადაადგილებები ხდებოდა მთელ საქართველოში, წარმოიდგინეთ. 10 000 თუ იყო შეკრული, წარმოიდგინეთ, რამდენი უბანი უნდა შემოევლოთ და თუ კიდევ უფრო ნაკლები -1000, მაგალითად, ის მთელ საქართველოს მოდებული ხალხი უნდა ყოფილიყო, თანაც არავის არაფერი უნდა ეთქვა იმაზე, რომ მათ 300 000 პირადობის მოწმობა ჩააბარეს. ხმას არავინ იღებს – არც ის 1000 ადამიანი, რომლებშიც ეს საიდუმლოა შენახულია, არც ისინი, ვისაც პირადობის მოწმობები და პასპორტები ჩამოართვეს. წარმოიდგინეთ, ასეთ ზღაპარს ჰყვებიან და ამ ზღაპრის საფუძველზე „ფორმულა“ მოითხოვს, რომ ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.