პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ პარლამენტში ჯარის დეპოლიტიზების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელსაც აცვია სამხედრო ფორმა, არ კითხულობს, რომელ პარტიას განეკუთვნება ესა თუ ის პიროვნება, მისი შვილი ან ოჯახის წევრი, აქვს პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას ადამიანი და ამით ის ნებისმიერი რანგის პოლიტიკოსზე მაღლა დგას.
„საგანგებოდ მინდა ხაზი გავუსვა იმ თემას, რაზეც ყველამ ვილაპარაკეთ და მინისტრმაც გაუსვა ხაზი. ეს არის დეპოლიტიზების თემა. რასაკვირველია, მნშვნელოვანია, ვინაიდან ადამიანს, როდესაც აქვს ის პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას მეორე ადამიანი და აცვია სამხედრო ფორმა, ის არ კითხულობს, რომელ პარტიას განეკუთვნება ესა თუ ის პიროვნება, მისი შვილი, ან მისი ოჯახის წევრი. ამით ის ჩვენზე, ნებისმიერი რანგის პოლიტიკოსზე მაღლა დგას, ვინაიდან მზად არის, შესწიროს თავისი სიცოცხლე, რათა დაგიცვას შენ, დაიცვას თავისი სამშობლო.
სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვპოულობთ საერთო ენას, თუნდაც ისეთ საკითხებზე, სადაც ვთქვათ საზღვარგარეთ განვითარებულ დემოკრატიებში ოპოზიცია და უმრავლესობა რაღაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ჯერდებიან“,- განაცხადა ვოლსკიმ
გია ვოლსკიმ 2008 წელს განვითარებულ მოვლენებზე და მის წინა პერიოდზე გაამახვილა ყურადღება.
„ეს თემა არის დაღუპული ჯარისკაცები, ბრძოლის ველზე მიტოვებული ჯარისკაცები. ეს არის ერთ-ერთი საგანგებო საკითხი, რომელიც ახასიათებს, სამწუხაროდ, ჩვენს თანამედროვე ისტორიას და რასაც არ აქვს პატიება, არც არავის არ უთხოვია პატიება, ბოდიშიც არავის უთქვამს ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ახალწვეულებისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, რომლებიც შესაძლოა, გვიყურებენ დღეს. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ის ემოციური კავშირი ძველ პერიოდთან – 2008 წელთან, რაც 12 წლის წინათ იყო.
განცდა შემდეგია და კიდევ ერთხელ და მრავალგზის, წინა მოწვევის პარლამენტშიც მითქვამს ამის თაობაზე და ამ ტრიბუნიდანაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ – 2006 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჰქონდათ დამტკიცებული საგზაო რუკა, რომელშიც ჩართული იყო ყველა კომპონენტი, მათ შორის სამხედრო კომპონენტი არა საბრძოლო მოქმედებების თემაში, არამედ ურთიერთგაგების და გარკვეული მოლაპარაკებების მხარდაჭერის თვალსაზრისით.
სამხედროები მონაწილეობდნენ და ქართული მხრიდან უნდა ყოფილიყო 500 ადამიანი სამშვიდობო ძალებში. ვერ გაზარდეს, არ გაზარდეს, ის მცირე რაოდენობა, რაც იმყოფებოდა სამშვიდობო ძალებში, არ იყო საკმარისი იმისთვის, რათა ძალთა ბალანსი დაემყარებინათ. მიუხედავად იმისა მოსამსახურეები, რიგითი და ოფიცრები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და აჩვენეს უმაღლესი დონე დისციპლინის, პოლიტიკაში გათვითცნობიერებისა და პასუხისმგებლობის.
მიუხედავად ამისა, 2006 წლიდან უკვე დაიწყო რღვევა იმ საგზაო რუკის, იმ სტრატეგიული მიმართულებების, რომლებიც ჩამოყალიბებული იყო ჩვენი პარტნიორების მიერ. იმ რეგიონისთვის უშველებელი რაოდენობის ფინანსური და აპოლიტიკური რესურსი იქნა მობილიზებული, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენციები. ყოველგვარი გამართლების გარეშე ჩაიშალა ეს ყველაფერი, რაც გენერალური მდივნის მოხსენებაშია მოცემული.
ფაქტია, რომ 2006 წლის ივნისისთვის 2008 წლის ივნისამდე არანაირი მოლაპარაკება, მცდელობაც არ ყოფილა, არც სამხედრო კომპონენტის გათვალისწინებით, არც პოლიტიკური, არანაირი მიმართულებით, ყველანაირი მიმართულებით შეწყდა საუბარი, ვინაიდან იმ პერიოდში ქვეყნის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ „რუსეთს თურმე არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი, ცხინვალის რეგიონი არის მოყანყალებული კბილი, რომლის ამოღებასაც სჭირდება რამდენიმე კვირა და გარანტიას ვიძლევი, რომ ამას გავაკეთებთ, თურმე, ეს თავად რუსებს წამოცდათ“. მე ვციტირებ, 2007 წელს იყო ეს განცხადებები.
შემდეგ იყო სააკაშვილის მოგზაურობა იტალიაში, როდესაც მას პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელმა, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული, შესთავაზა იტალიაში გარკვეული დროით დასვენება. წავიდა, ყველას გაუკვირდა. ამაზე არსებობს საპარლამენტო კომისიის მასალები, საგამოძიებო კომისიის მასალები, ჩამოვიდა და თქვა, რომ საერთოდ არ აინტერესებს და არა მარტო იმ პერიოდში თქვა, 2008 წლის 7 აგვისტომდე დაჩემებული ჰქონდათ, რომ რუსეთი ამ ბრძოლებში არ მონაწილეობს, თვითონ მოსკოვში გაკვირვებულები არიან, რა უნდა კოკოითს, რატომ მიდის ამ პროვოკაციაზე და აქედან გამომდინარე, არანაირი მობილიზება საჭირო არ არის იმდენად, რამდენადაც რეალურ სიტუაციაში ამას მოითხოვდა და რაც მთავარია, ჯარისკაცებო, ახალწვეულებო, მთავარი ამოცანაა სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა.
რასაკვირველია, ჯარისკაცებმა თავისი როლი შეასრულეს. სიცოცხლე დადეს, მაგრამ არ გამოიყვანა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იმ ზონიდან, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა. არ გამოიყვანა და 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა“,- განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ „არც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა, რომ რუსეთი აგრესიას აწარმოებდა“.
„არც გაერო-ს უშიშროების საბჭოს არ მიმართეს, რომ რუსეთი აგრესიას აწარმოებს და ოკუპაციას ლამობს. უფრო მეტიც, ხელი მოაწერეს რეზოლუციას ამ ომის შემდეგ უკვე 2008 წლის სექტემბერში, რომელიც ამბობდა, რომ თურმე საქართველოს ბრალია ის, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო“,- განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, ამ ყველაფრის ფონზე ბედავენ და ჯარისკაცებს, ოფიცრებს მათ შორის არწმუნებენ იმაში, რომ ჰააგის ტრიბუნალი მათ გაასამართლებს, რაშიც თითქოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს.
„მეტსაც გეტყვით, ვიღაცამ დაიჯერა კიდეც, ვიღაცამ არ დაიჯერა, მაგრამ შეიძლება პოლიტიკურ ტრენდს აჰყვა, რომლის ჩამოყალიბება უნდოდა და კიდევ კაი, ეს ვერ განვითარდა. უფრო მეტსაც გეტყვით, დღეს ჰააგის ტრიბუნალში საკმაოდ სერიოზული სამართლებრივი დაპირისპირება მიმდინარეობს. იუსტიციის მინისტრს პირადად და მთელ იუსტიცის სამინისტროს წლები დასჭირდა, აღმოეჩინა ფიზიკური მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთმა დაბომბა გორი. აღმოაჩინა სადღაც შემთხვევით და უამრავი სხვა მასალის მოგროვება დაჭირდა ჩვენს ხელისუფლებას, რათა წელგამართული ვიდგეთ დღეს ამ ტრიბუნალში და ვიცავდეთ საქართველოს ინტერესებს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება უშუალოდ „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენებას, ვოლსკის შეფასებით, არ არსებობს თემა, რომელსაც შესაბამისი პასუხი არ აქვს.
„პოლიტიკოსები, რომლებიც ამ თემებთან დაკავშირებით კრიტიკულად უნდა იყვნენ განწყობილები და შესაძლოა, რამე თემები არის ისეთი, რომელშიც შეიძლება დავა, მათ შორის პოლიტიკური განზომილებითაც, ეს არის საზოგადოების წინაშე გასაკეთებელი, სამარცხვინოა, რაც აქ ხდება. სამარცხვინოა არა იმიტომ, რომ ჩვენ ოპონენტებს ვპასუხობთ გარკვეულ მოქმედებებზე და დემარშებზე, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას, უკეთესი პოლიტიკური სპექტრი ეკუთვნის. უკეთესი დავა ეკუთვნის, უკეთესი აზრთა ჭიდილი ეკუთვნის – ხარისხიანი და არა ჩასაფრებული.
ვფიქრობ, რომ რაც მოხდა, ჩვენმა ახალგაზრდობამ განსაკუთრებით უნდა იცოდეს, ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ამ შეთქმულებაში ნებით, თუ უნებლიედ, იღებდა მონაწილეობას ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, რომელიც დღეს ჭკუას გვარიგებს და რუსულ თემებს ჰაერში აფრიალებს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტებს ადასტურებს არაერთი დოკუმენტი, ეს არ არის ჩემი ემოციური გამოსვლის ნაწილი.
დიდი მადლობა მშვენიერი მოხსენებისათვის. დიდი მადლობა ყველას, რიგითიდან დაწყებული, მაღალი რანგის ოფიცრებით დამთავრებული, ქალბატონებს განსაკუთრებით, იმისთვის, რომ ჩვენ მშვიდად ვართ, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საქართველოს როგორც კი გაუჭირდება, უამრავი ადამიანი დადებს თავს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თითოეული ოჯახისთვის, ჩვენი შვილებისათვის“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.