გია ნოდია - შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნოს იმაში, რომ პლებისციტს უნდა დათანხმდნენ
ჯერ ჩანს, რომ პლებისციტი შესაძლებელია, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, ჩანს თუ არა პოლიტიკური კომპრომისის და პლებისციტზე შეთანხმების რესურსი.
„ფაქტობრივად, ორი მიმდინარე საკითხია მწვავე – ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრებს პოლიტპატიმრებად არ აღიარებს და ოპოზიცია ასე უწოდებს, მაგრამ წინა გამოცდილებიდან ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ შეიძლება, ადამიანები პოლიტპატიმრებად არ აღიაროს, მაგრამ მოთხოვნა შეასრულოს და ისინი გაათავისუფლოს. ასე რომ, რა თქმა უნდა, კომპრომისი შესაძლებელია, მაგრამ მარტივი არ იქნება“, – განაცხადა ნოდიამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, განსაზღვრავს თუ არა ოპოზიციის ხედვას ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ხედვა და რამდენად შედის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება, რადგან როგორც მან დღეს განაცხადა, პლებისციტზე დათანხმება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, გია ნოდიამ აღნიშნა, რომ აქ არ არის ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“, ან პირადად მიხეილ სააკაშვილის ნება და მეორე მხრივ, მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის ნება.
„პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილს არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება რვა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო. მერე ერთმა პარტიამ თავისი აზრი შეცვალა, დანარჩენი შვიდი კი ამ აზრს იზიარებს. ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეტი ხმა მიიღო, არ აიძულებს „ლელოს“, ან „ლეიბორისტებს“, რომ დაეთანხმონ „ნაციონალურ მოძრაობას“, ან მიხეილ სააკაშვილს. ესენი არიან ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ასევე თვლიან, რომ ასე უნდა მოიქცნენ. ეს სწორია თუ არასწორი, სხვა საკითხია. შეიძლება, დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ პრინციპულად არასწორია იმის თქმა, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის აზრი განსაზღვრავს მთლიანად ოპოზიციის ხედვას“, – განაცხადა ნოდიამ.
მისი თქმით, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნოს იმაში, რომ პლებისციტს უნდა დათანხმდნენ.
„მიხეილ სააკაშვილი ვიცი, ვინც არის. მას სხვადასხვა რამე უთქვამს და მერე გადაუთქვამს“, – განაცხადა ნოდიამ.
როგორც ნოდიამ აღნიშნა, იმისთვის, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, ხელისუფლებამ ნება უნდა აჩვენოს და უნდა აღიაროს, რომ საქმე ცუდად არის.
„ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ საქმე კარგად არ არის, ნორმალურად არ არის და აღარ უნდა თქვას, რომ ოპოზიცია კრიმინალური დაჯგუფებაა“, – განაცხადა გია ნოდიამ.