გია ნიჟარაძე - საია-ს მასალებში, რაც წავიკითხე და შემდეგ კოლეგებისგან შევიტყვე, ძალიან ბევრი რამ არის მიუღებელი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გია ნიჟარაძე საია-ს მიერ დღეს გავრცელებულ მასალებში მოყვანილ ზოგიერთ ინფორმაციას მიუღებელს უწოდებს.
„არ ვყოფილვარ ამ კვლევის პრეზენტაციაზე და სიღრმისეულად არ ვიცნობ, თუმცა, რაც წავიკითხე და შემდეგ კოლეგებისგან შევიტყვე, ძალიან ბევრი რამ არის მიუღებელი. იქ იყო ჩვენი ბიუჯეტის შედარება სხვა ორგანიზაციების ბიუჯეტებთან, არ მინდა გავიმეორო იმ ორგანიზაციების სახელი – ეს არის სულ ცოტა, არაკორექტული, არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება. იქ იყო საუბარი იმაზე, რომ იხარჯება ფული გადაცემებზე, რომელსაც რეიტინგი არა აქვს. ყველა ის გადაცემა, რომელიც ჩვენ ბადეში არის განთავსებული – ახალ გადაცემებს ვგულისხმობ, ზუსტადაც რომ, რეიტინგულია და ამ გადაცემების პოპულარობა ყოველდღე იზრდება, ეს კვლევებითაც დგინდება და ნებისმიერი გამოკითხვითაც. ანუ ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. გაუთავებელი აპელირება და მცდელობა კანონში შესული ცვლილებების რევიზიის, ასევე მიუღებელია ჩემთვის, რადგანაც სულ ცოტა ხნის წინ იყვნენ ჩვენთან ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელები და მათ ჩვენთან შეხვედრა დაიწყეს მოლოცვით, მოგვილოცეს, რომ კანონში ეს ცვლილებები შევიდა და მეტიც, მათ დაადასტურეს, რომ ამ ცვლილებებზე მუშაობის ყველა ეტაპზე ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული და სრული მხარდაჭერით სარგებლობდა ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო.
რა ვქნათ, ვის დავუჯეროთ, ევროპის მაუწყებელთა კავშირს თუ ამ საკითხის ოპონენტებს. ჩვენ ვაპირებთ, რომ შევიკრიბოთ იმის მერე, რაც დღეს მოხდა – პარასკევს ან ორშაბათს და უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხები, პასუხები ყველაფერზე არსებობს, მერწმუნეთ.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ამისთვის ვართ, რომ ვიშრომოთ, მენეჯმენტმაც, ჩვენც საბოლოო ჯამში, ის მაუწყებელი ჰქონდეს ქვეყანას, რომელიც სჭირდება. კიდევ ერთი, ისეთი განხილვებიც მიმდინარეობდა დღეს, საერთოდ, რა საჭირო არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასეთი ადამიანებისთვის პასუხი არ მაქვს, მათ არ ესმით, რისთვის არის საჭირო მაუწყებელი, სალაპარაკოც არაფერია“, – განაცხადა გია ნიჟარაძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) კვლევის – „რა ღირს საზოგადოებრივი მაუწყებელი?“ პრეზენტაცია დღეს გამართა.