გია მურღულია - სკოლას ისეთი ზნეობრივი გარემო უნდა ჰქონდეს შექმნილი, რომ აგრესია მინიმუმამდე იყოს დასული
გია მურღულია - სკოლას ისეთი ზნეობრივი გარემო უნდა ჰქონდეს შექმნილი, რომ აგრესია მინიმუმამდე იყოს დასული

სკოლას ისეთი ინტელექტუალური, ზნეობრივი და ემოციური გარემო უნდა ჰქონდეს შექმნილი, რომ აგრესია მინიმუმამდე იყოს დასული, – განაცხადა კერძო სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორმა გია მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„აგრესიას პოსტფაქტუმ ბრძოლა კი არ უნდა, არამედ წინასწარი მოქმედებები“, – განაცხადა გია მურღულიამ.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, მშობლებს ჰგონიათ, რომ მათი შვილები სკოლაში კეთილგანწყობილ გარემოში სწავლობენ, მაგრამ შეიძლება, ბავშვისთვის მთელი დღე სატანჯველი იყოს.

„დღეს, როცა შემეხმიანეთ და ვიცოდი, რომ აქ მოვდიოდი, ჩემს ბავშვებს, მე-9 და მე-10 კლასელებს ვკითხე, ეს პრობლემა სკოლაში არის მეთქი? მითხრეს, რომ ძალიან მაგრად არის. უფრო მეტად არის, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათო. თქვენს მშობლებს წარმოუდგენიათ მეთქი? – ვკითხე. არაო, მიპასუხეს. მათ არ იციან, ყოველდღე რას ვეჯახებითო“, – განაცხადა გია მურღულიამ.

როგორც გია მურღულიამ აღნიშნა, სამწუხაროდ, ბავშვები ძალიან ხშირად არც ადმინისტრაციას ენდობიან, არც მასწავლებელს და არც სხვას, რადგან მასწავლებლები მათთვის თანამედროვე ადამიანები არ არიან, რომლებიც მათ პრობლემებსა და დამოკიდებულებებს გაიგებენ.

„თუ გვინდა, ამ პრობლემას თვალებში შევხედოთ და მართლა ვუშველოთ, აქედან უნდა ამოვიდეთ. ხოლო თუ არ გვინდა, ლამაზად ლაპარაკი დღეს ყველამ ისწავლა და შეგვიძლია, ლამაზად ვილაპარაკოთ. ბავშვები შეგვხედავენ, გაიცინებენ და იტყვიან, მოდი ამ საქმეს ჩვენ თვითონ მივხედოთო. როგორ მიხედავენ, ეს არა ერთი ტრაგედიის მაგალითზე უკვე ვნახეთ“, – განაცხადა გია მურღულიამ.

სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებლები მოსწავლეებს მხოლოდ საგნებს კი არ უნდა ასწავლიდნენ, არამედ ადამიანურობას, ურთიერთობათა კულტურას, ზნეობასა და ა.შ.

„ეს ტრივიალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ საქართველოში პრობლემა ისაა, რაც ტრივიალური ჭეშმარიტებაა. რატომღაც, ყველას, პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს ურჩევნიათ, ეს პრობლება ბავშვების ხარჯზე გადაწყვიტონ“, – განაცხადა გია მურღულიამ.