გია მურღულია - მყარად დისკრედიტებული ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებაზე მოხშირებული ლაპარაკი პირდაპირ უკავშირდება პიროვნულ, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ უპასუხისმგებლობას
ზოგიერთი მყარად დისკრედიტებული პოლიტიკოსის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებაზე მოხშირებული ლაპარაკი პირდაპირ უკავშირდება და მკაფიოდ გამოხატავს კიდეც პიროვნულ, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ უპასუხისმგებლობას, ვიწრომხედველობასა და პარტიული ინტერესების სახელმწიფოებრივზე მაღლა დაყენების მოუღლელ სურვილს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გია მურღულია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.
„ამ ბოლო დროს რამდენიმე მეტ-ნაკლებად ცნობილმა სუბიექტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არაპროვოცირებული აგრესია გამოხატა და მის გაუქმებაზე ალაპარაკდა. ნიშანდობლივია, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პირველი არხის მიმართ პრაქტიკულად არ არსებობს ობიექტური და ფაქტებზე დაფუძნებული პრეტენზია მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ამას აღნიშნავენ და აფასებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად ერთადერთი მედიაა, რომელიც მოქალაქეებს გაწონასწორებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას აწვდის და ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ზედმეტი აჟიტირების გარეშე აშუქებს. სწორედ ასეთი ინფორმაცია ეხმარება ადამიანებს, დაინახონ და შეაფასონ მიმდინარე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პროცესების არსი და მნიშვნელობა, რაც მართებული არჩევანის მთავარი წინაპირობაა.
გარდა ამისა, საქართველოს პირველი არხი არა ერთ გადაცემას ამზადებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ ცხოვრებას ასახავს. არც ერთ სხვა ტელევიზიას არ აქვს მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროდუქტი.
ვფიქრობ, ზოგიერთი მყარად დისკრედიტებული პოლიტიკოსის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებაზე მოხშირებული ლაპარაკი პირდაპირ უკავშირდება და მკაფიოდ გამოხატავს კიდეც პიროვნულ, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ უპასუხისმგებლობას, ვიწრომხედველობასა და პარტიული ინტერესების სახელმწიფოებრივზე მაღლა დაყენების მოუღლელ სურვილს. ეს ყველაფერი დიდ შეურაცხყოფას აყენებს მაუწყებელში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც საკუთარ საქმეს პროფესიულად და ღირსებით აკეთებენ.
ინტერესით დაველოდები მოვლენათა განვითარებას. ისეთი განცდა მაქვს (და დარწმუნებულიც ვარ), რომ პირველი არხი ყველა ჩვენგანზე, ფუჭსიტყვაობასა და ამაო საქმეებზეც გაცილებით დიდხანს იცოცხლებს“, – აცხადებს გია მურღულია.