გია მურღულია - მუდმივად რომ ლაპარაკობენ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დონე უფრო და უფრო მაღლდებაო, მაინტერესებს, რით ვერ ისახება ეს განათლების ხარისხზე
მუდმივად რომ ლაპარაკობენ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დონე და კატეგორიები სულ უფრო და უფრო მაღლდებაო, მაინტერესებს, რით ვერ ისახება ეს ჩვენი განათლების ხარისხზე, – ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, პედაგოგმა გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს მაინტერესებს და პასუხი არ მაქვს. ამაზე პასუხი არც არავის აქვს. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მასწავლებელთა კვალიფიკაციასთან უშუალოდ არის მიბმული განათლების ხარისხი და თუ ჩვენს ქვეყანაში მასწავლებელთა კვალიფიკაცია დიდი თუ არა, საშუალო ტემპით მაინც მაღლდება, განათლების ხარისხი მაინც დაბალი როგორ არის? აი, ეს რანაირად ხდება?“, – განაცხადა მურღულიამ.
მისი თქმით, ეს დაუმთავრებელი, გაუაზრებელი რეფორმები და უფროსების ლაბირინთებში უთავბოლო ხეტიალი ჩვენი შვილების მომავლის ხარჯზე ხდება.
„არის მუდმივი არათანმიმდევრულობა და მუდმივი შეუთანხმებლობა განათლების მართვის სისტემის სხვადასხვა სეგმენტს შორის. ერთი და იგივე საკითხთან დაკავშირებით ერთი ალთას არის, მეორე ბალთას. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, სად არის მესამე და მეოთხე. ალთა და ბალთა კი ვიცი, მაგრამ მესამეს და მეოთხეს რა ჰქვია, ცოტა ძნელი გასახსენებელია. იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუმზერთ, არ ტოვებს რაციონალური ადამიანების რაციონალური მოქმედების შთაბეჭდილებას. კი ბატონო, ამას ვლაპარაკობთ, მაგრამ არავითარი გარანტია არ გვაქვს, რომ ეს ჩვენი საუბარი რამენაირად შეიძლება, აისახოს იმ ადამიანთა ფიქრსა და მოქმედებაზე, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. აი, ეს არის ყველაზე უარესი ამბავი“, – განაცხადა გია მურღულიამ.
როგორც მურღულიამ აღნიშნა, სკოლის ბაზაზე უნდა არსებობდეს პროფესიული განვითარების სისტემა, მაგრამ სკოლას ამის ფინანსური რესურსი არ აქვს.
„სკოლას ამის ფული არ აქვს. სკოლას სახელმწიფო მარტო ისე აფინანსებს, რომ წელსაც გააკეთოს ის, რასაც შარშან აკეთებდა, მეტი, ან ნაკლები წარმატებით. იქ გათბობის ფულს აძლევენ, მასწავლებელთა ხელფასებს და ა.შ, მაგრამ ახალი იდეების, ინოვაციების და თუნდაც, მასწავლებელთა მიერ ერთობლივად მომზადებული პროექტების განსახორციელებელი ფული სკოლას არ აქვს. სკოლას არ აქვს ფული, რომ თავისი მასწავლებელი სადღაც ტრენინგზე გაუშვას, მაგალითად, ბაზარმა რომ ფასიანი ტრენინგები შესთავაზოს. ეს ისეა, მე-19 საუკუნეში რომ გლეხები გაათავისუფლეს და მიწა არ მისცეს. მისცენ სკოლას უფლება, რომ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების თანამედროვე სისტემა გააკეთონ. ამას სკოლა ვერ გააკეთებს იმიტომ, რომ ფული არ აქვს“, – განაცხადა მურღულიამ.
გია მურღულიამ ასევე აღნიშნა, რომ განათლების სისტემის პრიორიტეტად გამოცხადება და დაფინანსების ლამის გაორმაგება ძალიან კარგია, მაგრამ ეს ფული და ჭკუა ერთმანეთს სადმე უნდა შეხვდნენ.
„არ შეიძლება, ეს ფული ასე უპრაგონოდ იხარჯებოდეს. ამ ტრენინგებზე იცით, რამდენი დავხარჯეთ?! – ნამეტანი ბევრი, არც მინდა, ვთქვა, მაგრამ შედეგი სად არის? ამას რატომ არავინ კითხულობს?“, – განაცხადა მურღულიამ.
მისივე თქმით, სკოლებს მეტი თავისუფლება უნდა მიეცეთ.
„ნუ ვკეტავთ და ნუ ვზღუდავთ მასწავლებლის თავისუფალი მოქმედების უფლებას. დეკლარირებულია, რომ სახელმძღვანელო მასწავლებლისთვის არის მხოლოდ ერთი რესურსი, ჩვენ კიდევ გვინდა, ყველაფერი ამ სახელმძღვანელოში ჩავტიოთ და საერთოდ დავივიწყოთ მასწავლებლის ფუნქცია, თუ მოსწავლის ფუნქცია. არის ბევრი კითხვა, ბევრი პრობლემა და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ეს ამბავი მშვიდად მოისმინოს. მერე, იქნებ, ყველამ ერთად გადავწყვიტოთ, როგორ ჯობია. აქ სინერგიაა საჭირო. ამას დაპირისპირებისთვის არ ვამბობ, მაგრამ დაფიქრებისთვის ვამბობ“, – განაცხადა გია მურღულიამ.