გია მურღულია - მაყურებლის დაბრუნებული ნდობა, სიმპათია, რომელიც უკვე მკაფიოდ თვალსაჩინოა, ნათლად ადასტურებს, რომ ვასილ მაღლაფერიძისა და მისი გუნდის შესრულებული სამუშაო უნდა შეფასდეს, როგორც გამოკვეთილად წარმატებული
გია მურღულია - მაყურებლის დაბრუნებული ნდობა, სიმპათია, რომელიც უკვე მკაფიოდ თვალსაჩინოა, ნათლად ადასტურებს, რომ ვასილ მაღლაფერიძისა და მისი გუნდის შესრულებული სამუშაო უნდა შეფასდეს, როგორც გამოკვეთილად წარმატებული

მაყურებლის დაბრუნებული ნდობა და სიმპათია, რომელიც უკვე მკაფიოდ თვალსაჩინოა, ნათლად ადასტურებს, რომ ვასილ მაღლაფერიძისა და მისი გუნდის შესრულებული სამუშაო უნდა შეფასდეს, როგორც გამოკვეთილად წარმატებული, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გია მურღულია საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის საქმიანობის შეფასებისას, სოციალურ ქსელში წერს.

„შეფასებისთვის – საქმეზე მხოლოდ შედეგები მეტყველებს.

რა ქმნის ტელევიზიის წარმატებას? ამას 4 არსებითი რამ სჭირდება:

1. მოტივაცია
2. ფინანსები
3. პროფესიონალიზმი
4. დრო

წლების განმავლობაში პირველ არხს მოტივაცია არ ესინჯებოდა – მისი ყურება არაპრესტიჟული იყო, „კარგმა მოლოდინმა“ გვერდი აუარა, რაც გინდა გექნა, განწირული იყო მარცხისთვის, რეიტინგი ნულთან უკიდურესად ახლოს იყო. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ასრულებდა კანონით დაკისრებულ ფუნქციებს.

ფინანსები არხს ჰქონდა, მაგრამ ისინი სრულიად უყაირათოდ და უშედეგოდ იხარჯებოდა. მატერიალური ბაზა და ტექნიკური შესაძლებლობები თანამედროვე ტელევიზიას შორეულადაც არ შეესაბამებოდა.

საკადრო პოტენციალი მნიშვნელოვნად გასაძლიერებელი ან სათანადოდ გამოუყენებელი იყო, როგორც მენეჯმენტის, ისე ჟურნალისტურ და ტექნიკური პერსონალის დონეზე. არხს პრაქტიკულად არ ჰქონდა შემოქმედებითი და ინოვაციური მუხტი.

დრო იყო ბევრი და უმიზნოდ დახარჯული. ის არ ხმარდებოდა პირველი არხის დეკლარირებული პრიორიტეტების ხარისხიან რეალიზებას.

ბოლო სამ წელიწადში:

დაიბადა მოტივაცია – მაყურებელი დაუბრუნდა არხს, გაჩნდა ბევრი ახალი პროექტი, მნიშვნელოვნად ამაღლდა გადაცემათა ხარისხი და რეიტინგი. პირველი არხის ყურება კვლავ ტრენდული გახდა – ამაზე მაინცდამაინც არავინ დავობს.

ფინანსები მიზანმიმართულად იხარჯება არხის მატერიალური ბაზისა და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებასა და გაუმჯობესებაზე – სამი წლის წინანდელი და დღევანდელი ვითარება ისე შეესაბამება ერთმანეთს, როგორც დედამიწა და ცა.

არხის მენეჯმენტი ფუნდამენტურად გარდაიქმნა. მთელი პოტენციალი ვექტორულად მიმართული იქნა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებისკენ. ყველა მიმართულებით გაჩნდა ახალი გადაცემები, თანამედროვე ხედვა და კრეატიულიბა.

დრომ მუშაობა დაიწყო წარმატებაზე. ახლა ყოველი ახალი დღე მორიგი გამოწვევაა, რომლის გადალახვა პირველი არხის მთელი გუნდის გაცნობიერებული და კარგად დაგეგმილი ამოცანაა.

პრობლემა კვლავ ბევრია და მათი გადაწყვეტა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ის ნაბიჯები, რომლებიც დაიგეგმა და გადაიდგა, ტენდენციები, რომლებიც დაიბადა, საერთო შემოქმედებითი განწყობა, რომელიც ყველასთვის შესამჩნევი გახდა და მაყურებლის დაბრუნებული ნდობა და სიმპათია, რომელიც უკვე მკაფიოდ თვალსაჩინოა, ნათლად ადასტურებს, რომ ვასიკო მაღლაფერიძისა და მისი გუნდის შესრულებული სამუშაო უნდა შეფასდეს, როგორც გამოკვეთილად წარმატებული“, – წერს გია მურღულია „ფეისბუქში“.