გია მურღულია - ბოლო დროს ხშირად გვეუბნებიან, რომ მთავარი ფაქტები კი არა, არამედ აღქმებია, შეიძლება, ისეთი ტრენდი შექმნან, რომ იფიქრო, ამ ტრენდის მიღმა არ დავრჩე, თორემ დამცინებენ, გამაბულინგებენო
აზრის მიუღებლობა არის, მაგრამ ამ ყველაფერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოც და, ზოგადად, სახელმწიფოც უნდა შეხვდეს ფრთხილად და მშვიდად, – ამის შესახებ ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
გია მურღულიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს მკვეთრ მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, როცა, მაგალითად, წევრთა ერთმა ჯგუფმა პირდაპირ მოითხოვა ერთ-ერთი წამყვანის მრწამსის შესწავლა და მის მიმართ საკადრო გადაწყვეტილების მიღება, რაც, ცხადია, თანამშრომლებმა თანამშრომელზე ზეწოლად და სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვა-ჩარევის მცდელობად აღიქვეს.
„საკითხი ყოველთვის წყდება ხოლმე არა ფაციფუცით და დუღილის ტემპერატურამდე მისული ემოციებით, არამედ მშვიდად. ამის საფუძველში დევს ერთადერთი სწორი რამ და ეს არის დემოკრატიის პრინციპი. ყველა ერთ აზრზე არ იქნება, არასდროს და დემოკრატიის პირობებში, რაც უმრავლესობის ნებაა, ისე უნდა გადაწყდეს, რომ არ მივიღოთ უმცირესობის დიქტატურა. როგორ უნდა გავარკვიოთ, რა არის უმრავლესობის ნება? არჩევნებით – სახელმწიფოში და კენჭისყრით – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არის კოლექტიური ორგანო და ის იღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით. ასეთია კანონი და ასეთია წესი. აი, ასე უნდა შევხედოთ ამ ამბავს და მე ძალიან დიდი ემოცია არ მაქვს ამ განცხადებებთან დაკავშირებით. თუმცა, ვხვდები, რომ ეს შეიძლება, ძალიან სახიფათო იყოს, როდესაც ის იარაღად იქცევა, ბულინგი, შესევა და ა.შ. ამ ამბავს უნდა შევხედოთ სიფრთხილით და არ უნდა წავუყრუოთ, რასაკვირველია. საზოგადოებას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ სიმართლეში გაერკვეს. ყოველ შემთხვევაში, სიმართლის ჩვენი ხედვა უნდა შევთავაზოთ, დანარჩენი კი მერე დემოკრატიამ იცის თავისი“, – განაცხადა მურღულიამ.
გია მურღულიამ ასევე განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, ხშირად აქვს ადგილი განსხვავებული აზრის დევნას, განსხვავებული აზრის მიუღებლობა კი სახიფათო ტენდენციაა.
„ამ ბოლო დროს ხშირად გვეუბნებიან, რომ მთავარი ფაქტები კი არ არის, არამედ მთავარია აღქმები. ამ აღქმებს ქმნიან და შეიძლება, ახლა ისეთი ტრენდი შექმნან, რომ შენ იფიქრო, ამ ტრენდის მიღმა არ დავრჩე, თორემ დამცინებენ, გამაბულინგებენ, მაგინებენ და ყველაფერს გააკეთებენო. არ გვინახავს ეს თუ რა? ყოველდღე ვუყურებთ“, – განაცხადა მურღულიამ.
მისი თქმით, მავანი ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს იმაზე, რომ უმცირესობამ შიშით მართოს საზოგადოება.
„ეს ხელისუფლებისთვისაც ძალიან საშიში ამბავია, რადგან ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა მართოს საზოგადოება და როდესაც საზოგადოებაზე ზომაზე მეტ გავლენას ახდენს რაღაც წარმოდგენები და შიშები, ეს არის უკიდურესად სახიფათო. ეს არის პიროვნების წინააღმდეგ მიმართული აქცია, რასაც ძალიან ხშირად ვხედავთ. თითქოს ხომ პიროვნების თავისუფლების ეგიდით ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში სწორედ პიროვნების წინააღმდეგ არის. პიროვნებას შენ უშლი იმას, რომ თავისი აზრი ჰქონდეს, თუნდაც მცდარი. მას აქვს ამის უფლება და ეს არის დემოკრატია. შენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეცადო, რომ მას ძალით გადაათქმევინო; აჯობე აზრით; არგუმენტების დაპირისპირება ჯობია ადამიანების დაპირისპირებას თოფით და იარაღით“, – განაცხადა მურღულიამ.
მისივე თქმით, ასეთ დროს საზოგადოება საშიშროებას ტანით გრძნობს და ცდილობს, დაინახოს, რამ შეიძლება, შეაჩეროს ეს, რადგან მას სურს მშვიდ გარემოში ცხოვრება, მუშაობა, განვითარება და ქვეყნის მომავლის შექმნა, რაც ძალიან ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ეს მხოლოდ საზოგადოების თვითორგანიზების კულტურაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
„მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამაც პრინციპული ნაბიჯები უნდა გადადგას კანონის ფარგლებში და სახელები დაარქვას რაღაც მოვლენებს“, – განაცხადა გია მურღულიამ.