გია ჯაფარიძე - სტუდენტები არიან გადაღლილები, ყოფილა შემთხვევებიც, როცა ლექციებზე ეძინებათ, ათვისების უნარი დაბალია, გადაღლილი გონება ვერ ითვისებს მასალას
ქართველი სტუდენტი ისევე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ევროპელი სტუდენტი და უნდა ჰქონდეს სწავლის ისეთივე პირობები, როგორიც ევროპელ სტუდენტებს აქვთ, ამიტომ არის 26 ოქტომბერი მნიშვნელოვანი: ან ჩვენ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ან ვირჩევთ საერთაშორისო იზოლაციას და პირობების კიდევ უფრო გაუარესებას, რადგან უკვე ვცხოვრობთ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„11 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ სტუდენტთან მქონია კომუნიკაცია. სწავლების გარდა, ჩვენ გვაქვს ასევე სხვადასხვა აქტივობა, სადაც მაქვს ხოლმე საშუალება, მათ პრობლემებზე ვესაუბრო და მხოლოდ მოკლე ჩამონათვალს წარმოგიდგენთ: სტუდენტური საცხოვრებლების პრობლემა, განსაკუთრებით, რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის. რადგან ბინის ქირა ძალიან მაღალია, სტუდენტებს უწევთ სხვადასხვა ადგილას მუშაობა და ეს სამსახური, უმეტესწილად, საღამოსაა ხოლმე, რის გამოც სტუდენტები მეორე დღეს არიან გადაღლილები და ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ ლექციებზე ეძინებათ. ათვისების უნარი დაბალია, რადგან გადაღლილი გონება ვერ ითვისებს იმ მასალას, რაც სტუდენტს სჭირდება. ამასთან, ამ სამსახურებიდან შემოსავალი ძალიან დაბალია. დიდი პრობლემაა კვების პრობლემა, სტუდენტთა დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებება. ამასთან, ცალკე საკითხია საკვების ხარისხი, რადგან სტუდენტებს არ აქვთ საშუალება, შეიძინონ მაღალკალორიული საკვები. ასევე, არსებობს სტუდენტთა უსაფრთხოების პრობლემა: ძალიან ბევრი სტუდენტი საუბრობს იმაზე, რომ კრიმინალი გაზრდილია და ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემის წინაშე დგანან. კიდევ ერთი პრობლემა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა, რომელიც არანაირად არ არის მორგებული, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობაზე და, განსაკუთრებით, სტუდენტებზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ არჩევანი გავაკეთოთ ევროპის კავშირის სასარგებლოდ: ქართველი სტუდენტი ისევე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ევროპელი სტუდენტი და ქართველ სტუდენტს უნდა ჰქონდეთ სწავლის ისეთივე პირობები, როგორიც ევროპელ სტუდენტებს აქვთ. ამიტომ არის 26 ოქტომბერი მნიშვნელოვანი: ან ჩვენ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ან ვირჩევთ საერთაშორისო იზოლაციას და პირობების კიდევ უფრო გაუარესებას, ვიდრე დღეს არის, რადგან ჩვენ უკვე ვცხოვრობთ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.