გია ჯაფარიძე - ჩვენ გვექნება გამარჯვების სია, ჩვენ არ ვემზადებით მეორე ადგილისთვის, ვემზადებით გამარჯვებისთვის
გარწმუნებთ, ჩვენ გვექნება გამარჯვების სია. ვემზადებით გამარჯვებისთვის. ჩვენ არ ვემზადებით მეორე ადგილისთვის, ვემზადებით „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. ჩვენ გვექნება სია, რომელიც დადებს იმ წარმატებას, რასაც დიდი ხანია, ველოდებით, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც გია ჯაფარიძემ აღნიშნა, მიესალმებიან ოპოზიციურ ფლანგზე ყველა გამსხვილებას და გაერთიანებას.
„ყოველთვის ვიყავით ოპოზიციურ ფლანგზე დიდი გაერთიანების მომხრე, როგორც ჩანს, ეს არ მოხერხდა. ვემზადებით „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ კოალიციური მთავრობისთვის“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ამავდროულად, ჟურნალისტებთან საუბრისას გია ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი საარჩევნო სიის ოცეული ქვეყანაში პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
„ნანახი მაქვს „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ოცეული. ვერ წარმომიდგენია, რომ ამ ოცეულმა მოახერხოს და დაამარცხოს საქართველოში უმუშევრობა, შექმნას საქართველოში სამუშაო ადგილები, მოიზიდოს საქართველოში უცხოური ინვესტიცია. ვერ წარმომიდგენია, ეს ოცეული იჯდეს და საუბრობდეს ევროპის კავშირთან საქართველოს გაწევრიანების პირობებზე. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ოცეული აგვარებდეს რომელიმე იმ პრობლემას, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. ამ ოცეულის პატრონი პარტია ვის წარმოდგენილ სიებზე საუბრობს“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.