გია ჯაფარიძე - ჩვენ ვმეგობრობთ არა ამერიკის წითელ და ლურჯ შტატებთან, არა დემოკრატებთან ან რესპუბლიკელებთან, არამედ „ერთიანობის კოალიცია“ აშშ-ის მეგობარია
„ერთიანობის კოალიცია“ მიწვეულია აშშ-ში, მაშინ, როცა ბოლო წლების განმავლობაში „ოცნებამ“ დაანგრია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ჩვენთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა, მიწვეული ვიყოთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, მათი მიზანია, ახალი სული შთაბერონ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე გაემგზავრნენ აშშ-ში. მაშინ, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, „ერთიანობის კოალიცია“ მიწვეულია აშშ-ში. ჩვენი მიზანია, ახალი სული შთავბეროთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და მოვიზიდოთ დასავლური ინვესტიციები საქართველოში. თინა და გიორგი მიწვეული არიან აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, სადაც ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დასახელდება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად. როგორც მოგეხსენებათ, უფრო ადრე თინა ბოკუჩავა მიწვეული იყო და დაესწრო აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ყრილობას, სადაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასახელდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად. ჩვენთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა, მიწვეული ვიყოთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ეს არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ როცა „ქართული ოცნება“ ცილს სწამებს, ლანძღავს და ზურგს აქცევს ამერიკას, ამერიკა ზურგს არ აქცევს საქართველოს და მის მოქალაქეებს.
ხაზგასმით, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმეგობრობთ არა ამერიკის წითელ და ლურჯ შტატებთან, არა დემოკრატებთან ან რესპუბლიკელებთან, არამედ „ერთიანობის კოალიცია“ ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარია. აშშ-სთან საქართველოს აქვს გრძელი და ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობის ისტორია. აშშ ასრულებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს საქართველოს განვითარებაში მისი პოლიტიკური მხარდაჭერით და ფინანსური დახმარებით. მაგრამ 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობამ ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუტები და დაანგრია საქართველოს ეკონომიკა. ამ მთავრობის პირობებში მოქალაქეები გაღარიბდნენ, გაზრდილია ფასები, დაბალია ხელფასები და ქვეყანა იცლება მოსახლეობისგან. ასე თუ გავაგრძელეთ, ძალიან მალე ჩვენ აღარ გვექნება ქვეყანა. ჩვენი მოსახლეობა სწრაფად მცირდება და ჩვენი სახელმწიფო ხდება არშემდგარი დისფუნქციური ქვეყანა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავაერთიანოთ ქვეყანა და ხალხი, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, აღვადგინოთ მეგობრული ურთიერთობები პარტნიორებთან და დავდგეთ კვლავ აღმშენებლობის გზაზე.
„ერთიანობის კოალიციის“ გამარჯვების შემდეგ ჩვენ მოვიზიდავთ მილიარდობით დოლარის დასავლურ ინვესტიციებს, რომლითაც შევქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ევროპული დონის პენსიებს და გადავტვირთავთ საქართველოს ეკონომიკას ისე, რომ ოჯახები გაერთიანდება და დღეს უცხოეთში სამუშაოდ წასული ადამიანები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. თინა და გიორგი საქართველოს ინტერესებისთვის არიან ამერიკაში, აძლიერებენ და ავითარებენ საქართველოს მეგობრობას აშშ-თან. ისინი იმ საქმეს აკეთებენ, რასაც საქართველოს მთავრობა უნდა აკეთებდეს, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.