გია გოგიბერიძე - მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა, თუ ვინ ცდილობს, ლობირება განახორციელოს, იქნება ეს შიდა ლობიზმი თუ უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირების მხრიდან ლობიზმი
გია გოგიბერიძე - მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა, თუ ვინ ცდილობს, ლობირება განახორციელოს, იქნება ეს შიდა ლობიზმი თუ უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირების მხრიდან ლობიზმი

სახელმწიფოს რეგულაციების შემოღება თუ სურს, ბუნებრივია, აქ წამყვანი უნდა იყოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომ ლობიზმი, შესაძლებელია, დაშვებული იყოს, მაგრამ ის გარკვეული რეგულაციებით უნდა ხორციელდებოდეს, – ამის შესახებ სამართლის დოქტორმა, კონსტიტუციონალისტმა გია გოგიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა, თუ ვინ დგას კონკრეტული მოქმედებების უკან. ამავდროულად, ბუნებრივია, ის პრინციპიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ მსგავსი საჭიროება დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზე გვექნება ზემოქმედების განხორციელება. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, ეჭვქვეშ დადგეს ლეგიტიმური მიზანი სახელმწიფოს მხრიდან, რომ შეზღუდოს ან დაავალდებულოს კონკრეტული ორგანიზაციები, რომ მათ თავიანთი ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე გახადონ“, – განაცხადა გოგიბერიძემ.

გოგიბერიძემ ასევე აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტების მსგავსი კანონები მოქმედებს, გარკვეულწილად, პრიამბულის სახით არის წამძღვარებული დათქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ ახდენდა გავლენას ან ვინ ცდილობს, გავლენა მოახდინოს თავის ხელისუფლებაზე.

„ამიტომ, თუ ამ კუთხით შევხედავთ, საკმაოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა მსგავს პროცესებთან დაკავშირებით. ანუ, ვინ ცდილობს, ლობირება განახორციელოს, იქნება ეს შიდა ლობიზმი თუ უცხოეთის სახელმწიფოში რეგისტრირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირების მხრიდან განხორციელებული ლობიზმი“, – განაცხადა გოგიბერიძემ.

მისივე თქმით, ამერიკული კანონის მიხედვით, რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარებიან მხოლოდ ის დაფინანსებული ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით იღებენ დაფინანსებას, რუსეთში კი ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოური დაფინანსებით ფინანსდებოდა, მიიჩნეოდა უცხო ქვეყნის წარმომადგენლად, ანუ აგენტად და მათი რეგისტრაცია ხდებოდა სპეციალურ რეესტრში, იმის მიუხედავად, ახდენდნენ თუ არა ისინი ზეგავლენას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებზე.

კონსტიტუციონალისტმა გია გოგიბერიძემ ამერიკულ FARA-სთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი რეესტრის წარმოების ამოცანა თვითიდენტიფიცირებასაც გულისხმობს და თუ პირი მსგავსი საქმიანობის იდენტიფიცირებას არ ახდენს, ეს იწვევს სანქციების სიმკაცრეს.

„ანუ, პირმა, რომელიც მსგავს საქმიანობას ახორციელებს, პირველ რიგში, თვითონ უნდა მოახდინოს თავისი საქმიანობის იდენტიფიცირება და მის მიერ განხორციელებული საქმიანობა საჯარო გახადოს. შესაბამისად, ეს იწვევს სანქციების სიმკაცრეს. პირი თუ არ ახდენს მსგავსი საქმიანობის იდენტიფიცირებას, თავს არიდებს რეესტრში რეგისტრაციას, ეს შეიძლება, თავის მხრივ, იყოს მისთვის მძიმე სასჯელის დაკისრების საფუძველი. FARA-ს შემთხვევაში საუბარია როგორც ფინანსურ სანქციებზე, ასევე თავისუფლების აღკვეთაზე, მათ შორის, ხუთ წლამდე ვადით; ასევე, თუ პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ის აშშ-დან გაძევებას ექვემდებარება და ასე შემდეგ“, – განაცხადა გოგიბერიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის რისკებს ხედავს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რომელზეც მისი ავტორები აცხადებენ, რომ ის ამერიკული კანონის შერბილებული ვარიანტია, სადაც სანქციებზე საუბარი არ არის, გია გოგიბერიძემ აღნიშნა, რომ, ზოგადად, მსგავსი კანონების მიღებას წინ უძღვის ხოლმე გარკვეული წინაპირობა – გახმაურებული კორუფციული ფაქტები, როგორიც, მაგალითად, ევროკავშირში ბოლო დროს მომხდარი ცნობილი მოვლენები იყო და ასევე, ასეთი კანონების მიღებას პოლიტიკური საფუძველი და სამართლებრივი მდგენელის თანხვედრა სჭირდება.