გია გაჩეჩილაძე - ოპოზიცია თავიდანვე ცდილობდა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი ინფიცირებული ყოფილიყო, მათი მიზანია, სახელმწიფოს შერყევა
ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციას გუშინ მცდელობა ჰქონდა, რომ როგორმე, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მიღწევები გაეშავებინა და ხვალ, ინტერპელაციის ფორმატშიც იგივეს შეეცდებიან.
როგორც საქართველოს პირველ არხს გია გაჩეჩილაძემ განუცხადა, პრემიერ-მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა.
„ყველა კითხვას გაეცა პასუხი – რა გველოდებოდა, რას გადავრჩით. პრემიერმა თქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ქვეყანაში ეს ღონისძიებები რომ არ ჩატარებულიყო, ექვსი ათასამდე დაავადებული გვეყოლებოდა. ჩვენი ანალიზით, ეს პროცესები ცუდი სცენარით რომ გაგრძელებულიყო, იტალიისა და შვეიცარიის მაგალითზე ორი ათასი გარდაცვლილი იქნებოდა და 15 ათასი დაავადებული. აი, რისგან გადაარჩინა საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობა. ოპოზიცია რისი ოპოზიციაა, რომ ასე არ ილაპარაკოს. განსაკუთრებით, ასეთი ოპოზიცია, რომელსაც მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, სახელმწიფო როდის ჩამოიქცევა და რაც უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, მათთვის უკეთესია. რას იტყვიან, აბა? ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც უნდა ემუშავა ნორმალურ სახელმწიფოს. საქართველომ ბევრ ქვეყანას აჯობა და ამას მსოფლიო აღიარებს. ოპოზიცია თავიდანვე ცდილობდა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი ინფიცირებული ყოფილიყო, რადგან ჰგონიათ, რომ ამით პოლიტიკურ ქულებს დაიწერენ. ისინი გლობალური კრიზისის დროს ასე იქცევიან ხოლმე. მათი მიზანია, სახელმწიფოს შერყევა და ამის საფუძველზე იქნებ დესტაბილიზაცია მოხდეს“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.