გია გაჩეჩილაძე - კორონავირუსთან დაკავშირებით რუსეთში კატასტროფა ხდება და როცა საქართველო გამორჩეულია, უნდათ, ეს ამბავი გადაფარონ
კორონავირუსთან დაკავშირებით, რუსეთში კატასტროფა ხდება და იმ ფონზე, როცა ამ თვალსაზრისით საქართველო გამორჩეულია, უნდათ, ეს ამბავი გადაფარონ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ განუცხადა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველოში ასეთი ლაბორატორია არ არსებობდეს, რათა რაც შეიძლება მეტი დაავადებული იყოს.
„ეს განცხადება დაახლოებით იმ ქმედებებს ჰგავს, რასაც საქართველოს დღევანდელი ოპოზიცია აკეთებს, მხედველობაში მყავს „ნაციონალური მოძრაობა“. ისინიც დაინტერესებული არიან, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი დაავადებული იყოს. რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველოში ასეთი ლაბორატორია არ არსებობდეს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი დაავადებული და მეტი კრიზისი იყოს.
რუსეთში კატასტროფა ხდება და ამ ფონზე, როცა საქართველო გამორჩეულია, უნდათ, ეს ამბავი გადაფარონ. რუსები იმაზე რატომ არ ლაპარაკობენ, რომ იგივე ლაბორატორია სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებობს? რატომ ჰყავთ საქართველო ამოჩემებული? იმიტომ, რომ საქართველოში მოხდა ვირუსთან დაკავშირებით სასწაული. რუსეთის მხრიდან საქართველოზე გლობალურად იქნება თავდასხმა, რადგან როცა ქვეყანა წარმატებულია, მაშინ სეპარატისულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ფიქრობენ, სად სჯობს ყოფნა – იქ, სადაც პროცესი ასე ნორმალურად მიდის, თუ იქ, სადაც კატასტროფული მდგომარეობაა, ხალხი იხოცება“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლას შეძლებენ და წვდომა ექნებათ ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე.
მათივე ცნობით, „მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებებისა, რომ თავად აკონტროლებენ და აფინანსებენ ლაბორატორიის საქმიანობას, მასში მიმდინარე კვლევები აშშ-სთან და მის პარტნიორებთან არის აფილირებული, რაც კითხვებს ბადებს“.