გია გაჩეჩილაძე - ხალხი, რომელმაც გავრილოვის პროვოკაციაზე წინასწარ შეთანხმებულად აქციები მოაწყო, იმაზე უნდა ლაპარაკობდეს, რომ 7-8 აგვისტოს საქართველოში რუსეთის არმიის შემოსვლას მალავდა
გავრილოვის შემოყვანაზე კი არ უნდა ლაპარაკობდნენ, იმაზე უნდა ლაპარაკობდნენ, რომ 2008 წლის 7-8 აგვისტოს მალავდნენ რუსეთის არმია რომ იყო შემოსული საქართველოში და მთელი საქართველო დაუთმეს,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ პარლამენტში განაცხადა.
გია გაჩეჩილაძემ 20 ივნისის მოვლენებზე ოპოზიციის წარმოამდგენლების განცხადებებს უპასუხა.
„ძალიან საინტერესო ამბავია, განსაკუთრებით 20 ივნისის ამბავთან დაკავშირებით, ხალხი, რომელმაც გავრილოვის პროვოკაციაზე წინასწარშეთანხმებულად აქციები მოაწყო, საშვები დაუშვა და ა.შ. შეთანხმებულად მოქმედებდნენ, შემდეგ მაგათმა ერთ-ერთმა ლიდერმა პირდაპირ აღიარა – იმიტომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი, რომ სისხლი დაღვრილიყოო, ეს ჩვენი მოგონილი ხომ არ არის, არა? ეს ხალხი ის ხალხია, რომელიც გავრილოვის შემოყვანაზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, იმაზე უნდა ლაპარაკობდეს, რომ 2008-ში, 7-8 აგვისტოს მალავდა რუსეთის არმია რომ იყო შემოსული საქართველოში.
ახლა, გაიარეთ აგერ ახლოს, რუსული ბაზები რომ არის წამოჭიმული თქვენის მეშვეობით და რომელიც გაყვანილი იყო 1999 წლის ეუთო-ს სამიტის საფუძველზე. ახლა ბაზების რიანიმაცია რომ გააკეთებინეთ, უფრო ძლიერი რაკეტული სისტემები დააყენებინეთ იქ რუსებს და მთელ რეგიონს საფრთხე რომ შეუქმენით, შეკითხვაც აქედან გამომდინარეობს, ამ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ნატო-სთან და შეერთებულ შტატებთან ახლო ურთიერთობაზე.
„ყველა აღიარებს ჩვენი ხელისუფლების ნატო-სთან და შეერთებულ შტატებთან ძალიან ახლო ურთიერთობებს, ყველა საერთაშორისო დოკუმენტში, ყველა ლიდერი საერთაშორისო ორგანიზაციები და ვიცით, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ტექნიკა იყო გადმოცემული საქართველოსთვის, კიდევ არის დაგეგმილი, განსაკუთრებით ჯავშანსაწინააღმდეგო, ჯაველინებს რომ უწოდებენ, რომელსაც მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებს აძლევს შეერთებული შტატები და პლუს კიდევ ევროკავშირის ქვეყნები გვაძლევენ ჩვენ საჰაერო დაცვის სისტემებს.
ამაზე გვინდა დეტალური ინფორმაცია, ბატონო პრემიერო, და კიდევ იმასთან დაკავშირებით, რომ 2 აპრილს სამიტი ჩატარდა, ნატო-ს მინისტერიალი, სადაც საქართველო აღიარებული იქნა, როგორც შავ ზღვაში სტრატეგიული პარტნიორი. ეს უნიკალური შემთხვევაა და იქნებ, ამასთან დაკავშირებით ცოტა დეტალურად მოუყვეთ საზოგადოებას, რომ ამათმაც, რომლებიც რუსებზე მუშაობდნენ მთელი ცხოვრება, გაიგონ, თუ რა პროცესი მიდის საქართველოში“,- აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.