გია ჟორჟოლიანი მთავრობას მოუწოდებს, დაინტერესდეს „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“ საკითხით
გია ჟორჟოლიანი მთავრობას მოუწოდებს, დაინტერესდეს „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“ საკითხით

„სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელ​ი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაინტერესდეს შშმ პირების წინაშე არსებული გამოწვევებით, დაიცვას მათი უფლებები და გადაჭრას არსებული პრობლემები.

ამის შესახებ დეპუტატმა შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან, 14 ივნისთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შშმ პირები კვლავ აწყდებიან ბარიერებს მათ ირგვლივ არსებულ გარემოში, საზოგადოებასა და კანონმდებლობაში.

კონკრეტულად ჟორჟოლიანმა „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“ საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შშმ პირთა ორგანიზაციას დღემდე არ ეძლევა იმ შენობაში შესვლის შესაძლებლობა, რომელიც მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე აქვს გადაცემული.

„გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ერთ კონკრეტულ საკითხზე. „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია“ არის მშობელთა კავშირი, რომელიც დაფუძნდა 1997 წელს. ორგანიზაცია მუშაობს ყველაზე მოწყვლად ჯგუფთან, ინტელექტუალური შეფერხებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირებთან, რომელთაც უჭირთ დამოუკიდებლად საკუთარი უფლებების დაცვა და საზოგადოებაში ინტეგრაცია. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის N1089 განკარგულებით, ორგანიზაციას უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, თემქაზე, გია ირემაშვილის ქ.N1 ,ყოფილი 205 საჯარო სკოლა-პანსიონის მესამე სართული, 1012,87 კვ.მ. ფართობი და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი,საკადასტრო კოდი: 01.12.03.016.017, სოციალური რეაბილიტაციის მრავალპროფილიანი ინკლუზიური ცენტრის ასამოქმედებლად. შშმ პირთა ორგანიზაციას დღემდე არ ეძლევა შენობაში შესვლის შესაძლებლობა.

მშობელთა კავშირი მიჰყვა კანონს, გაიარა სამივე ინსტანცია, მოიგო სამი სასამართლო პროცესი, წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

დღემდე არ მომხდარა კუთვნილი შენობის გამოთავისუფლება სხვადასხვა მიზეზთა გამო. ასოციაცია, ანუ დაზარალებული მხარე გარდა იმისა, რომ იხდის სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, უხდება უამრავ ბიუროკრატიულ ლაბირინთებთან გამკლავება და ეს პროცესი გრძელდება წლების განმავლობაში, რომელიც არ სრულდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაია ასაკაშვილის განმარტებით, ეს არის შშმ პირთა დისკრიმინაცია, სისტემური პრობლემა, არაკოორდინირებული მუშაობა, როცა ილახება შშმ პირთა უფლებები. მიუხედავად იმისა,რომ სამი სასამართლო პროცესი მოიგეს სამსავე ინსტანციაში, წლების განმავლობაში ვერ დაიბრუნეს კუთვნილი ქონება, სადაც ნორმალურ პირობებში შეძლებდნენ მუშაობის გაგრძელებას, ვერ იპოვეს სამართალი“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დეპუტატი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ყველა იმ უწყების ხელმძღვანელს მიმართავს, ვისაც ევალება შშმ პირთა პრობლემის მოგვარება და მოუწოდებს პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საკითხი, მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

„ჩვენ „სოციალ-დემოკრატები“ რამდენიმე წელია თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან და არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მოვამზადეთ ერთობლივად, კვლავ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას და მოვამზადებთ ერთობლივ წინადადებებს კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად და არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.