გია ჟორჟოლიანი - მივმართავ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ტრაგედიაზე ხელის მოთბობას ცდილობენ, არ შეიძლება, პოლიტიკური მიზნებისთვის ყველაფერზე წავიდეთ
პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ტრაგედიაზე ხელის მოთბობას ცდილობენ, მოვუწოდებდი, არ შეიძლება, ჩვენი პოლიტიკანური მიზნებისთვის ყველაფერზე წავიდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, აზრის გამოხატვის უფლება არავის შეუზღუდია.
„მე მგონია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური უფლება და აზრის გამოხატვისა და თავისუფლების გამოხატვის უფლება არავის შეუზღუდია. დარწმუნებული ვარ, არც ზაზა სარალიძეს შეეზღუდება. ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი აჟიოტაჟს ხელოვნურად ტეხს იმის გამო, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციონ, ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს ადამიანის უფლებები იზღუდება და ასე შემდეგ.
ცხადია, მე მინდა, თანადგომა გამოვუცხადო ამ ტრაგედიის მსხვერპლთ, ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს. დარწმუნებული ვარ, ეს საქმეები ბოლომდე იქნება გამოძიებული, ასევე დარწმუნებული ვარ, მათ არავითარ შემთხვევაში არ შეეზღუდებათ თავიანთი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.
იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ ამ ტრაგედიაზე ხელი მოითბონ, მოვუწოდებდი, რომ არ შეიძლება, ყველაფერზე წავიდეთ ჩვენი ვიწრო პოლიტიკური, პოლიტიკანური მიზნებისთვის და ადამიანების ტრაგედია ვაქციოთ ჩვენი მოქმედების სტრატეგიად“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.