გია ჟორჟოლიანი - ჩვენი პოლიტიკური მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ პოლიტიკურ სივრცეში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მოკავშირეების მონაწილეობა მინიმუმამდე დავა
ჩვენი პოლიტიკური მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ პოლიტიკურ სივრცეში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მოკავშირეების მონაწილეობა მინიმუმამდე დავა, – ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მათ ადგილს დაიკავებენ სხვა ხედვის პოლიტიკური ძალები და შინაარსობრივი დისკუსიის შესაძლებლობა გაჩნდება. ამიტომ, ჩვენს მომხრეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი ისეთ კანდიდატებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მოკავშირეების მთავარი კონკურენტები არიან“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
გადაცემის წამყვან გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ არ წარადგინა პარტიამ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ თავისი მაჟორიტარობის კანდიდატები, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ პარტია შინაარსობრივ პოლიტიკაზეა კონცენტრირებული, ხოლო პოლიტიკურ სივრცეში ერთგვარი ორპარტიული დიქტატურაა შექმნილი, „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მოკავშირეებს შორის გამართული პოლემიკა მთლიანად იკავებს პოლიტიკურ სივრცეს და პოლიტიკას შინაარსს აცლის.
„ჩვენ გვინდა, შევცვალოთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და ამისთვის ოპოზიცია უნდა შეიცვალოს. მომავალი პოლიტიკისთვის სასარგებლო იქნება, თუ პოლიტიკაში დაპირისპირება შინაარსობრივ დისკუსიებს დაეფუძნება, ანუ განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვებს. თუ ეს განსხვავებული პოლიტიკური ხედვები არ არის, უნდა გაჩნდეს ვიღაც, ვისაც ეს აქვს. ასეთი ჩვენ ვართ. შეიძლება, სხვებიც არიან“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
შეკითხვაზე, ვისთან ითანამშრომლებს „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ პარტიის პარტნიორებად რჩება ყველა ის ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეიძლება, პარლამენტში აღმოჩნდეს.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მოკავშირეებთან პარტნიორობა გამორიცხულია. ჩვენს პარტნიორებად რჩება ყველა ის ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეიძლება, პარლამენტში აღმოჩნდეს. ეს იქნება პატარა პარტიები და ალბათ, ეს იქნება „ოცნება“, რომელთანაც შეიძლება თანამშრომლობა. ოღონდ, ისე კი არა, „ოცნებაში“ რომ ვიყავით და რჩევებს ვაძლევდით, არამედ ულტიმატუმის ფორმით. ანუ, უნდა იყოს ისეთი ტიპის კოალიციები, როგორიც არის მაგალითად, ევროპული კოალიციები, სადაც ასე არ არის, რომ ვიღაც დიდია, თითო-ორ კაცს მიიერთებს და მორჩება. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთგვარად, ვეტოს უფლებასავით. ასეთ შემთხვევაში, მზად ვართ, სამთავრობო პოლიტიკაზე ზეგავლენა მოვახდინოთ და არა კრიტიკოსების პოზაში ვიყოთ“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პარლამენტში შეიქმნა შესაძლებლობა, დიდი ნაწილი იყოს იდეოლოგიური, შინაარსიანი პოლიტიკის მატარებელი ჯგუფები.
„ეს ახალი ამბავია და ვფიქრობ, არასაკმარისად აქვს გაცნობიერებული მედიასაც, პოლიტიკურ სუბიექტებსაც და საზოგადოებასაც. ვფიქრობ, ეს ცვლილებები მაინც უბიძგებს, თუ ახლანდელ კამპანიას არა, მომავალ პარლამენტს, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება მეტი შინაარსით დაიტვირთოს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, ბოლო ოცდაათმა წელიწადმა დაგვანახა, რომ საქმე პიროვნებებში არ არის.
„საქმე არის იდეებში, ორგანიზებაში და რასაკვირველია, მათ შორის – პიროვნებებში, მაგრამ რეალური ცვლილებების განხორციელება ამ პიროვნებათა თანამშრომლობის უნარის პირობებშია შესაძლებელი. მუდმივად ახალ სახეებზე ნუ ვიქნებით ორიენტირებული, რომლებიც არ ვიცით, საიდან მოვიდნენ და რა კავშირი აქვთ ამა თუ იმ მიმართულებასთან. თუ ვინმემ სადღაც კარგად ისწავლა, ძალიან კარგი, მისასალმებელია, მაგრამ ძალიან ბევრი ნასწავლი ადამიანი ამაზე უარს ამბობს. იმიტომ, რომ თუ ესენი ერთმანეთს წარდგენისას გაიცნობენ, პარლამენტში ერთად როგორ ითანამშრომლებენ, რა უნდათ და რა უნდა გააკეთონ?“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.