გია ჟორჟოლიანი - 20 ივნისს მომხდარს არა „გავრილოვის ღამე“, არამედ „პარლამენტის შტურმის ღამე“ ჰქვია
დეპუტატი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ 20 ივნისს მომხდარს არა „გავრილოვის ღამე“, არამედ „პარლამენტის შტურმის ღამე“ ეწოდება.
ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, ჩვენი სახელით მივმართო უმრავლესობას, მედიას, საზოგადოებას, სიტყვებს აქვს მნიშვნელობა. ძალიან ბევრი თქვენგანი და ჟურნალისტები გამუდმებით იმეორებენ სიტყვებს „გავრილოვის ღამე“. ეს არის მცდელობაა, აღნიშნული ტრაგიკული მოვლენები სწორედ იმ რაკურსში იყოს წარმოდგენილი, რომელიც იმ ჯგუფს აწყობდა და, რომელიც იმ დღეს აბსოლუტურად სხვა რამეს ახორციელებდა. იმას, რაც 20 ივნისს მოხდა, „გავრილოვის ღამე“ არ ჰქვია, ამას „პარლამენტის შტურმის ღამე“ ჰქვია. თუ წავუყრუებთ, ეს საზოგადოებაში დამკვიდრდება, ვითომ, გავრილოვი საქართველოს ისტორიისთვის ან მნიშვნელოვანი ფიგურაა ან ის ამბავი იყო მთავარი. არა, მთავარი იყო პარლამენტის შტურმი და ეს პარლამენტის შტურმის ღამე იყო“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
მან დეპუტატებსა და მედიას მიმართა, სიტყვები „გავრილოვის ღამე“ არ გამოიყენონ.
„ამ სიტყვებს, რომლებიც„ ნაციონალური მოძრაობის“ პიარის ნაწილია და გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორების, ყველა შემთხევაში ამას შევეწინააღმდეგებით და მოგიწოდებთ, ყველაფერს, რაც არის რეალობა და ფაქტი, თავისი სახელი დავარქვათ. ეს „პარლამენტის შტურმის ღამე“ იყო“, – განაცხადა დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა.