გია დანელია - დაახლოებით ორი წლის წინ პაციენტს კბილის პროთეზზე ველაპარაკებოდი და სწორედ ეს საუბარია დამონტაჟებული
„ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
როგორც გია დანელიამ აღნიშნა, მედიაში გავრცელებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, იგი ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს, ფაბრიკაციასა და „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციას უწოდებს.
„პროკურატურას ჩემთან რა კითხვები ჰქონდა, ამას გამოძიება რომ დამთავრდება, ფართო საზოგადოებას მოახსენებენ. მე ვამბობ, რომ ეს არის მონტაჟი, ფაბრიკაცია და არ შეესაბამება რეალობას. ორი წლის წინ მქონდა საუბარი ერთ-ერთ პიროვნებასთან, ის გახლდათ ჩემი პაციენტი. მე მას 15 წლის წინ გავუკეთე პროთეზირება. მან დაახლოებით ორწლინახევრის წინ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან კონსულტაცია სურდა. ჩვენ ვისაუბრეთ პოლიკლინიკის წინ 30-40 წუთი. ვისაუბრეთ თხილის შეწამვლაზე, რადგან ჩემი თანასოფლელი გახლავთ. მასთან ყოველთვის მქონდა ნორმალური ურთიერთობა“, – განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა არის მონტაჟი.
„როდესაც ჩანაწერი გავაანალიზე, ვფიქრობ, რომ ის გახლდათ დაინტერესებული, რომ ჩანაწერი გაეკეთებინა და გაესაჯაროებინა. მიზანი არის ხელისუფლების დისკრედიტაცია, ეს პიროვნება ფარულად თანამშრომლობდა პირებთან, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ არიან. მან აიღო ჩემი ხმის ჩანაწერი, გააკეთა მონტაჟი და დაადო სასურველი ტექსტი. ჩანაწერში ვამჩნევ, რომ ჩემი ტუჩების მიმიკა და ტექსტი ერთმანეთს არ ეთანხმება. რაფავამ ჩემი ჩანაწერი აიღო და ჩემი ხმა დაადო. ჩანაწერი არის მიკერილი, არ არის მთლიანი, მსგავსი შინაარსის საუბარი არ მქონია,“- განაცხადა დანელიამ.