გია ცაგარეიშვილმა ოპოზიციას მიმართა - ფასებზე საუბარი თქვენი „პიარშიკების“ დაგეგმილი კამპანიაა, თქვენ დარდშიც ყალბები ხართ
2010 წლის ბოლოს საქონლის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ კანონში ცვლილებით ორი სასაკლაო შექმენით. ორივე სასაკლაო შეზრდილი იყო თქვენთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ხელოვნური მანიპულაციების მეშვეობით დააწესეთ მონოპოლიური ფასები, ერთ კვირაში რვა ლარით გააძვირეთ ხორცის ფასი. ახლა გამოდიხართ და ფასებს აფრიალებთ. ამ ფასებზე საუბარი თქვენი „პიარშიკების“ დაგეგმილი კამპანიაა, ეს ნათელია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, წარუმატებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტები ჯანდაცვის სფეროშიც.
„რაც შეეხება ჯანდაცვას, თქვენ დროს დააძვრეთ კბილები ადამიანებს და „ღიმილიანი საქართველო“ დატოვეთ ასე გაღიმებული. თქვენ დროს დაიწყო 100 საავადმყოფოს პროგრამა, რომელიც ჩამოგეშალათ და ორი საავადმყოფოც ვერ გახსენით მაშინ. თქვენ დროს, 2007-08 წლებში ტენდერები მოაგებინეთ სადაზღვევო კომპანიებს, მერე დაუარეთ ყველას, საპროცესო გარიგებები გაუფორმეთ და ყველანი დილეგებში ჩაყარეთ. აწამეთ, აწვალეთ ის ხალხი, გააყიდინეთ ყველაფერი და შემდეგ გამოუშვით ციხიდან. ეს იყო თქვენი ჯანდაცვის ძვირფასი პროგრამა და პროექტი თქვენ მიერ განხორციელებული. დარდშიც ფლიდები და ყალბები ხართ“, – მიმართა გია ცაგარეიშვილმა ოპოზიციას.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.