გია ცაგარეიშვილი - ზოგიერთი ოპოზიციონერისგან კვლევის პროცენტებით აღფრთოვანება მესმის, მაგრამ არჩევნებამდე როცა მივალთ, განსხვავებული შედეგი დგება, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“
ჩვენ ამ კვლევებს მრავალი მიზეზის გამო არ ვენდობით, მრავალი წელია, კვლევებს, მათ შორის IRI-ის კვლევებს ვაკვირდები და შემიძლია, გითხრათ, რომ არჩევნების რეალური შედეგები და მათ მიერ დაწერილი პროცენტები, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ტენდენციები, რომელიც ამ კვლევაშია ფოკუსირებული, მისთვის სანდო არ არის.
„IRI-ის პირველი კვლევა 2007 წელს გამოქვეყნდა, რომელიც უპრეცედენტოდ და უმაგალითოდ იყო გაყალბებული. იმჟამინდელი ოპოზიციის ლიდერს 14 თუ 15 პროცენტი დაუწერეს, ხოლო არჩევნებში იმ გაუკუღმართებული ცესკო-ს მონაცემებით, ოპოზიციის მაშინდელმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ 30%-ზე მეტი აიღო. მაშინ ტოტალურად გაყალბდა არჩევნები სააკაშვილის სასარგებლოდ. აქედან მოყოლებული ამგვარი კვლევების მიმართ არანაირი ნდობა არ გამაჩნია და არც დღევანდელი კვლევაა გამონაკლისი. ტენდენციებს, რომელიც ამ კვლევაშია ფოკუსირებული, ციფრებს და სხვადასხვა პროცენტს არ შევეხები. ამის განხილვა რომ დავიწყო, მაშინ ამ კვლევებს უნდა ვენდო. მე ამ კვლევას არ ვენდობი. ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერის მხრიდან ამ პროცენტებით აღფრთოვანება, ერთგვარი აღტყინება მესმის, მაგრამ როცა არჩევნებამდე მივალთ, განსხვავებული შედეგი დგება, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.