გია ცაგარეიშვილი - წარმოუდგენელია ამგვარი ბუნებრივი კატასტროფის აცილება, 5-იდან 7 მილიონ კუბმეტრამდე ნატანია ჩამოტანილი
წარმოუდგენელია ამგვარი ბუნებრივი კატასტროფის აცილება, 5-იდან 7 მილიონ კუბმეტრამდე ნატანია ჩამოტანილი. როგორ უნდა აღუდგე ამას წინ ან ამის პროგნოზირება როგორ უნდა მოახდინო? – ამის შესახებ ჟურნალისტებს შოვში, სტიქიის ზონაში მყოფმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი განვითარდა ძალიან მოულოდნელად, მოწყვეტის წერტილიდან ე.წ. კოტეჯების დასახლებამდე ეს მასა ჩამოვიდა რამდენიმე წუთში.
„უამრავი მეწყერი, ღვარცოფი მინახავს, არც წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა, ამგვარი სტიქია განვითარებულიყო. წარმოიდგინეთ, ქვა-ღორღის უზარმაზარი მასივია განფენილი ფაქტობრივად მთელი შოვის ტერიტორიაზე, წამოსული ნატანის სიმაღლე დაახლოებით 3-იდან 5 მეტრამდეა, რომ წარმოიდგინოთ რამხელა მასშტაბებზეა საუბარი. ეს ყველაფერი მოხდა მყისიერად, ანუ, მოწყვეტის წერტილიდან ე.წ. კოტეჯების დასახლებამდე ეს მასა ჩამოვიდა რამდენიმე წუთში. დადასტურებულად შეგვიძლია, გითხრათ ჩვენი ჰიდროლოგების, გლაციოლოგების და გეოლოგების მონაცემებზე დაყრდნობით, მათ რამდენიმე შეფრენა განახორციელეს ხეობაში, ისინი გვეუბნებიან, რომ იქ მოწყვეტილია ძალიან დიდი მყინვარი, უზარმაზარი ნაჭერი, რომელიც ძალიან სწრაფად დაეშვა დამრეც ფერდობზე, იყო რამდენიმე დაგუბება, დაგუბებამ გამოიწვია ის, რომ ნატანის მასა ერთი ასად გაიზარდა, შემდეგ ამან გახეთქა ეს ჯებირი და პირდაპირ დაბლობისკენ, „სანსეტ შოვისკენ“, კოტეჯების დასახლებისკენ დაეშვა და წალეკა ყველაფერი, რაც კი გზაზე იყო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს განვითარდა ძალიან მოულოდნელად, რამდენიმე წუთში, 3-5 წუთში ყველაფერი დასრულდა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
რაც შეეხება განცხადებებს, რომ შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, გია ცაგარეიშვილის თქმით, ასეთი სტიქიური კატაკლიზმების წინააღმდეგ ბრძოლა ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
„ძალიან კარგად მომეხსენება, რისი აცილება შეიძლება და რისი არა, ამაზე ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვსაუბრობდით. იმ პრობლემებზეც ხმამაღლა ვსაუბრობთ ხოლმე, რომელიც თან ახლავს ამ პროცესების, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციას ქვეყანაში და ამ მიმართულებით ამ წლებში უამრავი რამ გაკეთდა. არ ვიქნები თვითრეკლამირებით და მთავრობის რეკლამირებით დაკავებული, ახლა ამის დრო ნამდვილად არავის აქვს, მაგრამ ამგვარი ბუნებრივი კატასტროფის აცილება არის წარმოუდგენელი. წარმოუდგენელია, 5-იდან 7 მილიონ კუბმეტრამდე ნატანია ჩამოტანილი. როგორ უნდა აღუდგე ამას წინ ან ამის პროგნოზირება როგორ უნდა მოახდინო? რეგიონში, მთელ ევროპაში უყურებთ, რა მდგომარეობაა, ჩინეთში საოცარი სტიქიებია, ყველგან ჩვენს სამეზობლოში საოცარი სტიქიები ვითარდება, თურქეთში, ა.შ. პლანეტაზე დაწყებულია შეუქცევადი კლიმატური ცვლილებები. თუ ჩვენ გონს არ მოვეგებით, ძალიან მძიმე მომავალი შემიძლია ვუწინასწარმეტყველო ზოგადად პლანეტას და მის მოსახლეობას. ასეთი სტიქიური კატაკლიზმების წინააღმდეგ ბრძოლა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. კაცობრიობამ რაც დათესა, იმას იმკის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. რეგიონში კავკასიის მთელ ქედზე გაყოლებით, დაწყებული აფხაზეთიდან, დამთავრებული კასპიის ზღვამდე, საოცარი კლიმატური ცვლილებებია. ძალიან დიდი კატაკლიზმებია დაწყებული, ბუნებრივი ფერდობების ჩამოშლა, ნიადაგების დეგრადირება, მყინვარების დნობა, აქ არის კატასტროფული შედეგი რამდენიმე კილომეტრში, თქვენ იხილეთ. ვფიქრობ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამ მოვლენებზე და ყველანაირად შევეცადოთ, მეტ-ნაკლებად დავაზღვიოთ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.