გია ცაგარეიშვილი - წამყვან ოპოზიციურ პარტიას სათავეში უდგას კრიმინალი, რომელიც ძილშიც კი იმაზე ფიქრობს, თავისნაირ ავაზაკებთან ერთად, როგორმე დაამხოს ხელისუფლება
ადამიანი არის ჩამოყალიბებული კრიმინალი, ორჯერ ნასამართლევი ადამიანი ჰყავთ პარტიის ლიდერად მოწინავე ოპოზიციურ პარტიაში, ასეთი პრეცედენტი სადმე არსებობს ცივილიზებულ სამყაროში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან უსამშობლოები და ეს ადამიანები ღალატობენ ქვეყანას.
„ეს ადამიანები საქართველოს ყველა საშუალებით ებრძვიან და დაკარგეს უკვე დიდი ხანია ზღვარი ამ ბრძოლაში. ისინი გულდასმით მთელი ენერგიით ებრძვიან საქათველოს და ცდილობენ, რომ მისი იმიჯი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეარყიონ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და ავაზაკ ჯაფარიძეს არ ვანსხვავებ. ისინი კანონიერი გზით არჩეული ხელისუფლების დამხობას 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული ცდილობენ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით.
იუმორისმომგვრელია პუფი ზარბაზანს მიწოდებდეს, ცოტა უხერხულია. ჯერ გაერკვიოს თავად სავარძელია, გარნიტურია თუ რომელი სახის ავეჯია, შემდეგ ისაუბროს ჩემს ზარბაზნობაზე. თვითონ ტორპედო ადამიანი თავიდან ბოლომდე როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანი განცდებით, სხვას უწოდებდეს ზარბაზანს, ცოტა უხერხულია. ადამიანი არის ჩამოყალიბებული კრიმინალი, ორჯერ ნასამართლევი ადამიანი ჰყავთ პარტიის ლიდერად მოწინავე ოპოზიციურ პარტიაში. ასეთი პრეცედენტი სადმე არსებობს ცივილიზებულ სამყაროში?! შეიძლება სადმე არსებობდეს, არ დავაკნინებ არც ერთ კონტინენტს და არც ერთ რასას, სადმე შეიძლება ეს ვიპოვოთ, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში, ქვეყანაში რომელიც ლამობს ევროატლანტიკური სივრცის წევრი გახდეს, ორჯერ ნასამართლევი ადამიანი გინახავთ პარტიის ლიდერად? კრიმინალი, რომელსაც როცა სძინავს და ფიქრობს იმაზე, თავისნაირ ავაზაკებთან ერთად როგორმე დაამხოს ხელისუფლება. ასეთი ადამიანი უდგას წამყვან ოპოზიციურ პარტიას სათავეში და სხვას უწოდებს ზარბაზნებს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.