გია ცაგარეიშვილი - ვცდილობთ, უკრაინელი კოლეგების განცხადებებზე ნაკლებად მწვავე შეფასებები გავაკეთოთ, თავს ვიკავებთ, არ შევყვეთ პოლემიკაში
გია ცაგარეიშვილი - ვცდილობთ, უკრაინელი კოლეგების განცხადებებზე ნაკლებად მწვავე შეფასებები გავაკეთოთ, თავს ვიკავებთ, არ შევყვეთ პოლემიკაში

ჩვენ მყარად უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და მანამდე კანდიდატის სტატუსის მოპოვება თავიდან ბოლომდე იქნება საქართველოს დიდი ხნის ძალისხმევისა და პარტნიორებთან შეთანხმებული მუშაობის შედეგი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ ამას დაეფუძნება ევროპული პერსპექტივა, საითკენაც საქართველო წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის.

„მივაღწევთ სანუკვარ მიზანს, რასაც კანდიდატის სტატუსი ეწოდება. ჩვენ ამ შედეგს მივაღწევთ მიუხედავად წამოძახილებების, ბოროტი შეფასებებისა, რასაც, მათ შორის, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისგან ვისმენთ. ვიღაცის გულის გასახეთქად თუ გულის გასახარად, შევეცდები, ამგვარი სუბიექტური შეფასებებისგან შორს დავიჭირო თავი, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება უკრაინის ამა თუ იმ წარმომადგენლის განცხადებას. ვცდილობთ, უკრაინელი კოლეგების განცხადებებზე შეძლებისდაგვარად ნაკლებად მწვავე შეფასებები იყოს. მიუხედავად გაუგებარი, კრიტიკული შეფასებებისა, მიზანს მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი წარმატება გაუხარდება ყველას უკრაინაშიც და საქართველოშიც, ცივილიზებულ სამყაროშიც, მიუხედავად პოლიტიკური პოზიციის თუ სუბიექტური განწყობისა, რომელიც პოდოლიაკს ახასიათებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ. თავს ვიკავებთ, არ შევყვეთ პოლემიკაში იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა რუსულ აგრესიას ებრძვიან“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა: „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.