გია ცაგარეიშვილი - უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან ნებისმიერი გასული დეპუტატის სანაცვლოდ, სიის შემდგომი წევრი შემოდის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან ნებისმიერი გასული დეპუტატის სანაცვლოდ, პარლამენტში სიის შემდგომი წევრი შედის.
გია ცაგარეიშვილი ირაკლი კოვზანაძის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვტილებას ეხმაურება.
„ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტიდან წასვლის თაობაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ შეუტანია. დანარჩენი კოლეგების განცხადებები მედიის საშუალებით გავიგე, ამის იქით დეტალები არ ვიცი. სავარაუდოდ, უმრავლესობის უახლოეს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერები კოლეგებთან განიხილავენ ამ საკითხს. საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან ნებისმიერი გასული დეპუტატის სანაცვლოდ სიის შემდგომი წევრი შემოდის. როგორც მახსოვს, სერგეენკოს გარდა, რომელიც სხვა სიით არის შემოსული. თუ სერგეენკოც გავა, საბურთალოზე არჩევნების ჩატარება მოგვიწევს. ნებისმიერი ადამიანის წასვლა სასიამოვნო მოვლენა არ არის, რადგან საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ ერთად“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკვე დაუდასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის თქმით, კოვზანაძემ მის კომიტეტს ოფიციალურად უკვე მიმართა.