გია ცაგარეიშვილი - სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართულ პენიტენციურ სისტემაში არავის ჩაგრავენ, არავის დევნიან, ეს არის ქართული მართლმსაჯულების დიდი გამარჯვება
სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ცხადყო ერთი უმთავრესი რამ, რომ არავის, არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ არავის არავინ აწამებს, ქართულ ციხეებში არავის უფლებები არ ირღვევა და უმთავრესი რამ იყო დაცული ამით, რომ კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი, მათ შორის პატიმარი სააკაშვილიც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
ცაგარეიშვილის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ქართული მართლმსაჯულების დიდი გამარჯვება.
„კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ ვერდიქტით სტრასბურგის სასამართლომ, რომ ქართულ პენიტენციურ სისტემაში არავის ჩაგრავენ, არავის სდევნიან, მით უმეტეს, არც ჩაგრავენ და არც დევნიან პოლიტიკური მოტივების გამოყენებით, რაზეც აპელირებდა მთელი ამ თვეების განმავლობაში პატიმარი სააკაშვილი და რაზეც აპელირებდნენ და ჩიოდნენ მისი გულშემატკივრები, ოჯახის წევრები, თანაპარტიელები და ა.შ. ვფიქრობ, ამით ყველა ინსინუაციას წერტილი დაესვა. ეს არის კიდევ ერთხელ ნათელი მაგალითი იმისა, რომ რაც არ უნდა დახარჯო მილიონები შავ პიარში, რაც არ უნდა დახარჯო მილიონები იმისათვის, რომ თავს ლაფი დაასხა შენს ქვეყანას, შენი ქვეყნის მართლმსაჯულებას, შენი ქვეყნის კანონს და კონსტიტუციას, არაფერი გამოგივა ამ საქმიდან, რადგან არავის ამ საქმეში ხელისუფლების მხრიდან მიქარული არ აქვს, არავინ ამ საქმეში არ ამრუდებდა სამართალს და კანონს ხელისუფლების მხრიდან. ერთადერთი, ვისაც პრეტენზია ჰქონდა სააკაშვილთან, ჰქონდა ქართულ მართლმსაჯულებას, ჩვენს კანონს და კანონმდებლობას, მათ წინაშე ტყუის და არის მტყუანი პატიმარი სააკაშვილი, მეტი არავის წინაშე. ამიტომ ეს არ არის პოლიტიკური შურისძიება, ეს არის ჩადენილი დანაშაულების გამო წარდგენილი ბრალდება, დამტკიცებული სამართლიანი სასამართლოს განაჩენით და ამას პატიმარი სააკაშვილი და მისი გულშემატკივრები უნდა შეეგუონ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყავი წინა ცხოვრებაში – პრეზიდენტი, გუბერნატორი, გამგებელი, ქალაქის მერი, მინისტრი, დაარღვევ კანონს, პასუხი უნდა აგო. იგივე შეეხება პატიმარ სააკაშვილს სრული მოცულობით“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.