გია ცაგარეიშვილი - სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა საერთოდ არ მოქმედებს მის მსჯავრსა და სასჯელის მოხდის პირობებზე, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია
პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა სასჯელისგან თავის არიდებას არ განაპირობებს, ყოველ შემთხვევაში, ეს ამჟამინდელ საქართველოში ასე არის. იმჟამინდელი საქართველოც მახსოვს, როცა პოლიტიკაში ყოფნა დამოკლეს მახვილი იყო პოლიტიკოსის თავზე და ის მარტივად შეიძლება აღმოჩენილიყო გისოსებს მიღმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა არ მოქმედებს მის მსჯავრსა და სასჯელის მოხდის პირობებზე.
„ქვეყანაში ასობით პოლიტპატიმარი იყო, როცა 2012 წლის პირველი ოქტომბერი შედგა და „ამნისტიის შესახებ“ კანონი გახსოვთ, რომელიც პარლამენტმა მიიღო. 220 პოლიტპატიმარი ჩვენ გავათავისუფლეთ. ეს აღარც მედიას ახსოვს და „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ არ ახსოვს და მოკლე მეხსიერება აქვს, ეს გასაგებია. სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა საერთოდ არ მოქმედებს მის მსჯავრსა და სასჯელის მოხდის პირობებზე, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია – გინდ „ქართული ოცნების“ წევრი იყოს, გინდ სააკაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ დე ფაქტო, დე იურე ლიდერი. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ახლა მისი ადვოკატები და მისი „მრევლი“ რას ქადაგებენ, რადგან ის არის დამნაშავე. მან პასუხი კანონის წინაშე ორ საქმეზე აგო და ახლა ელოდება კიდევ ორ პროცესს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.