გია ცაგარეიშვილი - სააკაშვილის ოჯახი საქართველოს გაგულისებით ებრძვის, რათა სააკაშვილს სასჯელი ააცილოს, ფიქრობენ, რომ თავის დროზე მეტი ხალხი უნდა დაეხოცათ, შემდეგ ათჯერ მეტს დახარჯავდნენ
გია ცაგარეიშვილი - სააკაშვილის ოჯახი საქართველოს გაგულისებით ებრძვის, რათა სააკაშვილს სასჯელი ააცილოს, ფიქრობენ, რომ თავის დროზე მეტი ხალხი უნდა დაეხოცათ, შემდეგ ათჯერ მეტს დახარჯავდნენ

სააკაშვილის ოჯახი საქართველოს გაგულისებით ებრძვის, რათა კრიმინალ სააკაშვილს სასჯელი ააცილოს და ციხიდან დაიხსნას. საზოგადოებისთვის ბოდიში რომ მოეხადათ, ეს საჭირო არ იქნებოდა, მაგრამ არ შეუძლიათ და ვერ წარმოუდგენიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიებთან დაკავშირებით განაცხადა.

გია ცაგარეიშვილი განმარტავს, რაში გადაიხადა მილიონზე მეტი მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა.

„ხელთ მაქვს ამერიკელი ლობისტების მიერ გამოქვეყნებული დაწვრილებითი ანგარიში, რაში გადაიხადა მილიონზე მეტი მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა. ეს არის ევროპარლამენტარებისთვის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, სტრატეგიის შემუშავება ამერიკელი სენატორების დასარწმუნებლად საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით, ევროპარლამენტის წევრებთან კომუნიკაციის გაგრძელება, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზების მცდელობები ნიუ იორკში ვიზიტისას სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით; კომუნიკაცია თბილისში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ პირთან, პოლონეთის ოფიციალურ პირებთან, რათა პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდათ, სტატიების მომზადება, მათ შორის „პოლიტიკოში“, „გარდიანში“ და ა.შ. ასევე, იყო კომუნიკაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან, რათა მათ ბლინკენი და მაკფოლი დაარწმუნონ, საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.

სააკაშვილის ოჯახი საქართველოს ასე გაგულისებით ებრძვის, რათა კრიმინალ სააკაშვილს სასჯელი ააცილოს და ციხიდან დაიხსნას. ამ ადამიანსა და მის ოჯახს საზოგადოებისთვის ბოდიში რომ მოეხადათ, ეს საჭირო არ იქნებოდა, მაგრამ არ შეუძლიათ და ვერ წარმოუდგენიათ. მიაჩნიათ, რომ თავის დროზე კიდევ უფრო მეტი ხალხი უნდა დაეხოცათ და შემდეგ, როგორც ჩანს, ათჯერ მეტს დახარჯავდნენ. უზნეოა მათი მიზანიც და არჩეული საშუალებაც. ეს ადამიანი კონკრეტული მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო არის გასამართლებული და მისი ბედის ქვეყნის ბედთან და მომავალთან გაიგივება ტრაგიკულია მისთვის და ამ ქვეყნისთვისაც.

თურმე ეს საშინელი და აღვირახსნილი პიარკამპანია, დაკვეთილი სტატიები და რეზოლუციები გამართული იურიდიული მომსახურება ყოფილა. თუ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ის, რაც სამართლებრივია, მორალური და ზნეობრივია, ძალიან შემცდარხართ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს.