გია ცაგარეიშვილი - როგორც მაქციები ჯვარზე, ისე არიან ჩვენი ოპოზიციონერები სიმართლის გაგონებაზე, მათ იმდენად ეშინიათ სიმართლის, რომ სხდომათა დარბაზიდან გარბიან
ჩვენი ოპოზიციონერები აქ თუ არიან და ესმით სიმართლე, მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან ხოლმე, არადა, საქართველოს პრემიერმა ამ ადამიანებს დღეს სწორედ სიმართლე უთხრა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.
გია ცაგარეიშვილის თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული, რადიკალურმა ოპოზიციამ მოირგო ევროპული დემოკრატიის მანტია და ევროპული ლიბერალიზმის დროშით ხელში ამაყად მოაბიჯებს.
„საინტერესოა, ის უბედურება, რაც მათ ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს, სად ამოიკითხეს, რომელი ევროპული ლიბერალური სკოლის თეორიაში იპოვეს ან სად ნახეს, რომელ სახელმძღვანელოში? ეს არის ევროპული ლიბერალური ღირებულებები? კაცის კვლა, ადამიანების ტანჯვა, პატიმართა უფლებების აყრა ციხეებში, მიტინგების დარბევა, არჩევნების გაყალბება, ბიზნესის ტერორი, სად ამოიკითხეს, ლოკთან, სმიტთან, დეკარტთან, ვოლტერთან, ჰობსთან თუ სად ნახეს ეს ყველაფერი? ეს არის ფსევდოლიბერალური ღირებულებები, მათ მახინჯ ნიადაგზე გადმონერგილი და შემდეგ კულტივირებული. ამ ყველაფერს აჩეჩებენ ქართველ ხალხს და ჰგონიათ, რომ რომელიმე ევროპულ პარტიაში, ლიბერალური ღირებულებების მქონე პარტიაში თუ გაწევრიანდებიან და ლაზათიან შენატანს გადაიხდიან, ამით ჩამოიბანენ და ჩამოირეცხენ იმ სიბინძურეს, რომელიც აკრული აქვთ წლების განმავლობაში“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, ევროპული ლიბერალური ღირებულებები, უპირველეს ყოვლისა, არის აზროვნების თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, კანონის უზენაესობა და თავისუფალი მეწარმეობა.
„რომელ ფუნდამენტურ ევროპულ ლიბერალურ ღირებულებას იცავდით ამ ქვეყანაში? პირიქით, ყველაფერს აკეთებდით, რათა ფესვშივე ჩაგეკლათ თავისუფალი აზროვნება, გაგენადგურებინათ თავისუფალი აზრი, ამაზე პარაზიტობდით და ასე მართავდით ქვეყანას წლიდან წლამდე“, – მიმართა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს გიორგი ცაგარეიშვილმა.