გია ცაგარეიშვილი - ქართულმა ოპოზიციამ, ვინც გადაწყვიტა, რომ მიეღო დონაცია კეზერაშვილისგან, კარგად იცოდა, რა აქვს გაკეთებული თანამოაზრეებთან ერთად სააკაშვილის მმართველობის პერიოდში
ქართულმა ოპოზიციამ, იმ საზოგადოებამ, ვინც გადაწყვიტა, რომ მიეღო დონაცია ბატონი კეზერაშვილისგან, ძალიან კარგად იცოდა, ვინ იყო ეს ადამიანი, რისთვის არის იგი გადახვეწილი ამ ქვეყნიდან, რა აქვს გაკეთებული თავის თანამოაზრეებთან ერთად სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა დავით კეზერაშვილზე საუბრისას აღნიშნა.
ცაგარეიშვილის თქმით, დავით კეზერაშვილზე საუბრისას გასახსენებელია ის თანხა, რომელიც მისი თავდაცვის მინისტრობისას გაქრა სამინისტროდან.
„ყველა ის ადამიანი, ვინც ხელგამოწვდილი იდგა ამ რიგში, არც კი ფიქრობდა ამაზე, ან ფიქრობდა და ამ ფიქრს თავი თავში ახშობდა, მაინც ჰკიდებდა ხელს ამ ფულს, ამ დაფინანსებას და აკეთებდა თავის უკეთურ საქმეს. ასე რომ, ვიდრე ევროპელი პენსიონრების ძარცვის სქემებზე და ამ სქემებში კეზერაშვილის მონაწილეობაზე ვისაუბრებთ, უნდა გავიხსენოთ ის საქმე, რომელიც ეხება ხუთ მილიონ ევროზე მეტ თანხას, რომელიც გაქრა მისი თავდაცვის მინისტრობის დროს თავდაცვის სამინისტროდან და შეგვიძლია, სხვა საქმეებიც გავიხსენოთ, ამის დროც მოვა. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია, ვისაუბროთ რაღაც ჯოჯოხეთურ ობობას ქსელზე, რომელიც ამ ადამიანმა ჩამოაყალიბა, გახვია ამაში მრავალი უდანაშაულო ადამიანი. ცინიზმია იმის ყურება, როგორ აფრიალებენ მისი გულშემატკივრები ერთი ხელით ევროკავშირის დროშას და მეორე ხელი როგორ ღრმად აქვთ ჩაყოფილი ევროპელი პენსიონრების ჯიბეში, რათა იჯიბგირონ, ამოიღონ იქიდან ევროები, დოლარები თუ ფუნტები, შემდეგ ეს ყველაფერი აქ მოახმარონ ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. ჩვენი საქმეა, რომ კარგად დავანახოთ საზოგადოებას, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, პრესის თავისუფლებაზე ჩვენ გვესაუბრებიან და ამავე დროს მარცხენა ხელი აქვთ ზურგს უკან გაწეული და იქიდან ცუცნიან ევროპელი პენსიონრის ჯიბეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.