გია ცაგარეიშვილი - პოლიტიკური პარტიების ლიდერები თუ ფანჩატურებს დაეხსნებიან, გარისკავენ დამოუკიდებელ პოლიტიკას, ეს იქნება მათთვისაც და ქვეყნისთვისაც დადებითის მომტანი
ვინმე თუ მიეახლება კართან სააკაშვილს, მის მიერ შედგენილ სიაში იპოვის თავს და არა რაღაც პარტიების გაერთიანებულ სიაში, ბლოკში თუ რაღაც გაუგებარ პლატფორმაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ არ ქმნის საზოგადოებაში იმის შთაბეჭდილებას, რომ ვითომ გახსნილი ტიპის და პროევროპული პარტიაა, სადაც ბჭობა, დისკუსია, აზრთა ურთიერთგაცვლა მისაღებია და მათი კარი ყველასთვის ღიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს სურათის შექმნას, რომ სწორედ ის არის ოპოზიციის თავი და თავი, რომ მათ გარეშე წარმოუდგენელია ოპოზიციაში რაიმე წარმატება.
„სინამდვილეში, ვაშაძე არასოდეს არსაიდან არ წასულა, იგი იყო ხელის ბიჭი მიხეილ სააკაშვილის და დარჩება ასე. მას ამ ხელის ბიჭობაში კიდევ ერთი ყმაწვილკაცი დაეხმარება, მისი შემცვლელი აქ, მისი ორეული პარლამენტში და ასე ხელგადახვეული შეგრიალდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში და არავითარ კოალიციაში ან ბლოკში. შესაბამისად, მერე დაელოდებიან იმ შედეგს, რომელიც მათთვის ძალიან მწარე გადასახარში და აღსაქმელი იქნება 2024 წლის ოქტომბერში“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციის დონეზე ყველაფერი გაკეთდა პოლიტიკური პარტიების წასახალისებლად, რათა ისინი დამოუკიდებლად წარდგენილიყვნენ არჩევნებზე.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა წაგვეხალისებინა პარტიული დემოკრატია ქვეყანაში, წაგვეხალისებინა პარტიები იმაზე, რომ ისინი დამოუკიდებლად გამოსულიყვნენ არჩევნებზე, წაგვეხალისებინა იმისთვის, რომ პარტიებს ეძებათ და ეპოვათ ახალი ლიდერები როგორც თბილისში ისე ქვეყნის მასშტაბით და წინ წამოეწიათ ეს ადამიანები. ამისთვის ჩვენ კონსტიტუციის დონეზე ყველაფერი გავაკეთეთ. სწორედ ამიტომ აიკრძალა ბლოკების შექმნა, სადაც ერთი ძლიერი მიათრევს ხოლმე არჩევნებზე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით დანარჩენ სამ-ოთხ სუსტს და ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი პარტიების განვითარებისთვის, ზოგიერთს არ შეუძლია, ბატონყმობაში უნდა დალიოს სული, როგორც, მაგალითად, ადამიანებმა, რომლებიც მიილტვიან თავიანთ ლიდერთან თუ არქიფოსთან. იქ უნდათ, იმის ჩრდილში უნდათ რაღაცა მეწვრილმანეობა და იქ რაღაც უშნო ფუსფუსი. ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ ხომ ასპარეზი მივეცით პარტიებს. ამ ასპარეზს თუ გამოიყენებენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები და თორმეტი წლის თავზე ბოლოს და ბოლოს ფანჩატურებს, მახინჯურ თავშესაფრებს დაეხსნებიან, შეძლებენ და გარისკავენ დამოუკიდებელი პარტიული პოლიტიკის განხორციელებას ქვეყანაში და წინასაარჩევნო კამპანიას, ეს იქნება მათთვისაც, ქვეყნისთვისაც და ზოგადად საზოგადოებისთვის მხოლოდ დადებითის და სიკეთის მომტანი. კატეგორიულად არ გვინდა, ყველამ მიიდევნოს თავი „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილთან და ისევ იგემოს უმწარესი მარცხი. ეს არ არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი არის პლურალისტური დემოკრატია.
„ჩვენი მიზანი არის პლურალისტური დემოკრატია, მრავალხმიანობა პარლამენტში, აზრთა ურთიერთგაცვლა, უმწვავესი დებატები. ჩვენ ეს გვინდა, გვჭირდება, როგორც ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ ხომ ვერ დავაძალებთ ადამიანებს რაღაცების კეთებას?! ეს არ არის 2004-დან 2012 წლამდე პერიოდი, როცა ჯიბის პარტიებს, გიორგი თარგამაძის და სხვებისნაირ ჯიბის პარტიებს ქმნიდა მიხეილ სააკაშვილი, მერე ასპონსორებდა უხვად და მერე ანადგურებდა, აფუჭებდა, ათახსირებდა ამ ადამიანებს თავიდან ბოლომდე. სულს ურყვნიდა ამ ადამიანებს და შემდეგ, როგორც ნახმარ ნივთს, ისე მიაგდებდა ხოლმე რაღაც პოლიტიკურ მოუსვლელზე. ჩვენ ამის გაკეთება არ გვინდა, არც ვფიქრობთ ამის გაკეთებას. ამიტომ, კარგია, თუ ადამიანები „ლელოში“ ან რომელიმე სხვა პარტიაში მიხვდებიან, რომ დღე არ იწყება მხოლოდ „ვივამედით“ და არ მთავრდება მხოლოდ „ვივამედით“, იმის იქითაც არსებობს საქართველო და ბევრად უფრო საინტერესო.
ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ ისინი გაბედავენ და შემოვლენ ამ კონკურენტუნარიან პოლიტიკურ ველზე. ეს მხოლოდ წაადგება ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ განვითარებას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.