გია ცაგარეიშვილი - მახსოვს ამბიონზე მორბენალი უგულავა, მაშინ ეკლესიაში სპეცოპერაციებს ატარებდნენ, „ნაცმოძრაობას“ ტოტალური კონტროლის განხორციელება უნდოდა და არ გამოუვიდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს, სავარაუდოდ, გავლენების მოპოვების გამო.
ცაგარეიშვილის თქმით, წარსულში „ნაცმოძრაობას“ ტოტალური კონტროლის განხორციელება სურდა, თუმცა ეს არ გამოუვიდა.
„„ქართულ ოცნებას“ არ უთქვამს, რომ 7 იანვარი პუტინისტური დღესასწაულია. არც ის უთქვამს, რომ ათეულობით საუკუნე, როცა ქართველი კაცი 7 იანვარს შობას ზეიმობს, თურმე რუსული შობაა. ამას ვინც ამბობს, კარგად ვიცით. საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს, სავარაუდოდ, გავლენების მოპოვების გამო. მახსოვს ამბიონზე მორბენალი უგულავა, როცა ათიათასობით მომხრე სამებისკენ წავიყვანეთ და მაშინ ეკლესიაში სპეცოპერაციებს ატარებდნენ. გახსოვთ, „ნაცმოძრაობას“ როგორი ტოტალური კონტროლის განხორციელება უნდოდა და ეს როგორ არ გამოუვიდათ. როგორც ჩანს, ეს არის რევანშის სურვილით შეპყრობილი ადამიანების ერთობა. ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ ინსტიტუციას გამალებით ებრძვიან. რა უნდა გააკეთოს ასიათასობით მართლმადიდებელი ქართველის ხელისუფლებამ, რომელსაც კონფესიური მშვიდობა, ტოლერანტობა სურს და რომელიც ნებისმიერი კონფესიის დაცვის სადარაჯოზეა? ხელისუფლება სირაქლემას პოზაში ჩადგეს და ამ ბრძოლაზე ხმა არ ამოიღოს? ქართული ეკლესია აჯიჯგნინოს მინდიაშვილებსა და მათნაირებს? ასეთი რამ არ მოხდება, „ქართული ოცნება“ ამას არ გააკეთებს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.