გია ცაგარეიშვილი - ხელისუფლება როგორი ეპითეტებითაც არ უნდა შეამკონ, ჩვენ გავაგრძელებთ სვლას და აუცილებლად მივიყვანთ ამ ქვეყანას ევროკავშირამდე
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ვიაროთ ევროპისკენ უკანმოუხედავად, შეუქცევადად, ამ გზაზე ვინც არ უნდა გვაძაგებდეს და ხელაღებით ამბობდეს, თურმე ჩვენ გადავუხვიეთ გზას, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ხელისუფლება როგორი ეპითეტებითაც არ უნდა შეამკონ, გავაგრძელებთ სვლას და აუცილებლად მივიყვანთ ამ ქვეყანას ევროკავშირამდე. ხომ გახსოვთ, ალიაქოთი რომ იყო ატეხილი, კითხვარის პირველი და მეორე ნაწილი გამოაქვეყნეთო?! ჩვენ ორივე ნაწილი გამოვაქვეყნეთ და ბატონი ნუგზარ წიკლაური რომ ამბობს, ხელისუფლებამ პასუხები დაგვიმალაო, ათასობით კითხვა იყო და თავს დავდებ, ამ ორი კითხვარიდან ერთი კითხვა მაინც თუ ჰქონდეს წაკითხული ამ ბატონს და მის მეგობრებს. არც ერთი კითხვა არ აქვთ წაკითხული“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ამ განცხადებით გია ცაგარეიშვილმა გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა, რა მოლოდინები აქვს ხელისუფლებას ოპოზიციისგან, ევროინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის კუთხით.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება ძალიან მალე დადგეს.
„ყველა მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს. ასევე, რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგი ეს არის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოუდგენია, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში შეიძლება, ქვეყანამ როდესმე რამე წარმატებას მიაღწიოს.
„მათ სხვანაირად, საერთოდ, არც წარმოუდგენიათ არსებობა ამ ქვეყანაზე, პოლიტიკაში ყოფნა და გადაიქცნენ სექტანტურ მოძრაობად, რომლებსაც ჰყავთ რაღაც ცრუ ღმერთი, მიხეილ სააკაშვილის სახით, იმაზე იწერენ პირჯვარს და არიან თავიანთ ქვაბში მოხარშული; არაფერს შეისმენენ გვერდიდან, საღ აზრს არ მოისმენენ და ფიქრობენ, რომ მხოლოდ ისინი არიან ამ ქვეყნის აღმაშენებლები, გამათავისუფლებლები და ა.შ. თან, ხან ერეკლე II-ს ლანძღავენ, ხან დავით აღმაშენებელს აძაგებენ. გადაწერა უნდათ ჩვენი ისტორიის. უნდათ ახალი ქართველის გამოძერწვა, რაც ერთხელ მოინდომეს და ჩაუფლავდათ. ეს არ გამოუვიდათ და ვერც გამოუვათ, ვერანაირად. ხან ეკლესიას ლანძღავენ-თათხავენ, ხან კიდევ პრეზიდენტს ლანძღავენ ერთ დღეს, მეორე დღეს კი ეუბნებიან, სააკაშვილი შეიწყალეო“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
გია ცაგარეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, შექმნას სურათი, რომ მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულოა, მაგრამ ეს არ გამოუვათ.
„ამ ადამიანებმა რაც არ უნდა ილაპარაკონ და შექმნან სურათი, რომ მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულოა, ის არის კონკრეტული დანაშაულებისთვის გასამართლებული ადამიანი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ამასთან, გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ მიიწვია პარლამენტში, მაგრამ შემდეგ დარბაზიდან გაიპარნენ.
„დარბაზში კაცის შვილი არ იყო. ინტერპელაცია თვითონ დაიწყეს, თვითონ მოიწვიეს პრემიერი და მერე დარბაზიდან გაიპარა ყველა. ქალბატონმა კორძაიამ, ჩემმა კოლეგამ, რომელმაც ევროკავშირის თემასთან დაკავშირებით წინა დღით იყო დებატები და ხელი მოაწერა დებატებზე, თქვა, ვინ მოიწვია საერთოდ ეს დებატები, ეს რა დებატებიაო და პროტესტის ნიშნად მანაც დატოვა დარბაზი. არადა, მან და მისმა კოლეგებმა მოიწვიეს ეს დებატები. აი, ასეთ აბსურდის თეატრთან გვაქვს საქმე და რა გითხრათ?! ამ ყველაფერს საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, ევროპული არჩევანი არის ჩვენი წინაპრების ისტორიული არჩევანი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს საქართველოს კონსტიტუციაში ასახა, რაც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გაუკეთებია.
„ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. არ მივდივართ რუსეთისკენ. მივდივართ ევროატლანტიკური ცივილიზაციისკენ. არ მივდივართ პუტინისკენ, ღმერთმა დაგვიფაროს. პუტინი არის დამპყრობელი, მათ შორის საქართველოში ჩვენი მიწა-წყლის 20%-ის, არის ოკუპანტი და საქართველოში ასეთად არის აღქმული. ეს არის ადამიანი, რომელმაც საშინელი, სისხლისმღვრელი ომი გააჩაღა უკრაინაში და დარწმუნებული ვარ, ეს ომი, ადრე თუ გვიან, ჩვენი უკრაინელი დების და ძმების გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მაკა ცინცაძის კითხვაზე, როგორია ხელისუფლების მოლოდინი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს დადებითი მოლოდინი, იმ შეტევის მიუხედავად, რომელიც საქართველოს და მის ამჟამინდელ ხელისუფლებაზე შინ და გარეთ მიმდინარეობს.