გია ცაგარეიშვილი - ხაბეიშვილი იმას იზამს, რასაც ავაზაკი მერაბიშვილი დაავალებს, მაგალითად, შეუძლია, უთხრას, ახლა შეკვეთილში არიან, გადაეშვან შავ ზღვაში და გადაეშვება, ასე იზამს, თუ მისი ხერხემალი უკარნახებს
„ნაციონალური მოძრაობა“, იცით, როგორი ე.წ პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელსაც ხელთ ჩაქუჩი უპყრია და ყველა პრობლემა ლურსმნად მიაჩნია, ურტყამენ ამ ლურსმნებს ჩაქუჩს და ამით ანგრევენ ქვეყანას, აზიანებენ საკუთარ თავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ თვითგანადგურების სტადიაზეა.
,,ამ ადამიანებს, გარდა ნგრევისა და დესტრუქციისა, სხვა არაფერი შეუძლიათ, თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობაში არიან. მმართველ ძალას არც სურვილი და არც უფლება აქვს, ხელი შეუშალოს. ბოლომდე გამარგინალდნენ, დაემსგავსონ ძალას, რომელსაც არაფერი აკავშირებს ქართულ საზოგადოებასთან. მინდა, წარმატება ვუსურვო ამ გზაზე. ჩვენი თუ არ სჯერათ, NDI-ის კვლევებს მოუსმინონ, მათი ბოლო რეიტინგი არის 6%. საპარლამენტო ბარიერის ზღვართან არიან. არავინ იცის, რა იქნება წელიწად-ნახევარში. მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ და გამალებით ანგრევენ საკუთარ პარტიას. ეს დაპირისპირება, ვფიქრობ, გაღრმავდება. სწორედ ამგვარ შედეგს ვპროგნოზირებდი – დაშლას, ურთიერთწაკიდებას მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე ხელში ჩაიგდონ ფინანსური ნაკადები. არავითარი იდეოლოგიური სხვაობა ამ ადამიანებს შორის არ არსებობს, მხოლოდ ფულისთვის, გავლენისთვის იყო ბრძოლა. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაცემის და თვითგანადგურების დაუნდობელ სტადიაზეა. ეს, ერთი მხრივ, კარგია, იქნებ გაჯანსაღდეს ქართული პოლიტიკური სისტემა. შენ თუ რეალური ოპონენტი არ გყავს, რთულია პოლიტიკაში ყოფნა და ქვეყნის მართვა. არ გავიმეორეთ ის შეცდომები, რაც სააკაშვილმა 2000-იან წლებში გააკეთა, როცა ოპოზიცია პირწმინდად გაანადგურა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ამასთან, ცაგარეიშვილის თქმით, ხაბეიშვილი მიხვდება, რომ, ქუჩის აქციების ნაცვლად, სჯობს, დაუბრუნდეს საპარლამენტო უფლებამოსილებას და რეალური ოპონირება გასწიოს.
„სად მიიყვანს ლევან ხაბეიშვილს ეს გზა, შემიძლია, პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ თავს შევიკავებ. ეს გზა დანაკარგების გარეშე არავის გაუვლია. ეს ადამიანები ხელისუფლებას კი არა, საკუთარ ქვეყანას ებრძვიან. მერამდენედ არიან ჩასულები შეკვეთილში, სათვალავიც ამერია. ნაცვლად იმისა, რომ ხაბეიშვილმა თავისი ახალგაზრდული ჟინი და ენერგია სხვა რამეს მოახმაროს, დადიან ქალაქებში, სოფლებში, აწუხებენ მოსახლეობას. ღამის რეიდები, პრემიერთან მივარდნები, ჰგონიათ, წარმატების მომტანია, მაგრამ ეს ფსევდოქუჩური ურაპატრიოტიზმი ამ ქვეყანამ დიდი ხნის წინ გაიარა. ხალხი გაიზარდა, ჩამოყალიბდა თავის პოლიტიკურ გემოვნებებში, მათ უნდათ დაინახონ რეალური ბჭობა ქვეყნის განვითარებაზე. ერთი ცხოვრებისთვის და მრავალი თაობისთვის ეს საკმარისია. ხაბეიშვილი თუ ამაზე დაფიქრდება, მიხვდება, რომ, ქუჩა-ქუჩა ხეტიალის ნაცვლად, სჯობს, დაუბრუნდეს საპარლამენტო უფლებამოსილებას და რეალური ოპონირება გასწიოს, თუ ამის შნო აქვს. გავიგეთ, რომ ბრწყინვალე სპორტსმენია, სახტუნაოც კარგი შეუძენია, კრივის ხელთათმანებიც კარგი აქვს, მრავალი რამ შეუძლია, როგორც დამწყებ სპორტსმენს, მაგრამ დროა, თავი წარმოაჩინოს, როგორც დაღვინებულმა პოლიტიკოსმა, თუ ამის გაკეთება შეუძლია. ის ხომ თავის თავს არ ეკუთვნის, ის ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის. რასაც ის ავაზაკი დაავალებს, იმას იზამს ხაბეიშვილიც. მაგალითად, მას შეუძლია, უთხრას, რომ შეკვეთილში არიან ბარემ და გადაეშვან შავ ზღვაში და გადაეშვება ცივ წყალში. იზამს აუცილებლად, თუ მას მერაბიშვილი – მისი თავი და ხერხემალი უკარნახებს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.