გია ცაგარეიშვილი - ირაკლი კობახიძის და სხვათა პროგნოზი მართლდება, ერის გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურიდან, ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ ნამსხვრევების შემკრებად ტრანსფორმირდა
სააკაშვილი როცა დამსახურებულად იხდის სასჯელს და გვევლინება „ნაციონალური მოძრაობის“ ნამსხვრევების ერთგვარ შემკრებად, ამ მოზაიკას აკოწიწებს ქალბატონი ზურაბიშვილი. ეს დღეს ნათლად გამოჩნდა. ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ირაკლი კობახიძის და სხვების პროგნოზები მართლდება, ქალბატონი ზურაბიშვილი ერის გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურიდან ტრანსფორმირდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნამსხვრევების შემკრებ ერთგვარ ლიდერად და ამაში ძალიან გაიწაფა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „მოამბეში“ განაცხადა.
როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ამას აკეთებს ის ქალბატონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ხელისუფლებაში და უამრავი ჯაფა გაწია ამისთვის.
„გახსოვთ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიპეტიები და არამხოლოდ. ბევრს ავიწყდება, რომ იქამდე ქალბატონი ზურაბიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარად გამოძერწა. არც მთაწმინდაზე იყო არჩევნების მომგები და არც, მით უმეტეს, საპრეზიდენტო არჩევნების მომგები იყო. გაგახსენებთ მეორე ტურის პერიპეტიებს. ასე რომ, მისმა ბორბალმა მოჯადოებულ წრეზე იტრიალა და ისევ მიგორდა იქ, საიდანაც მისი მგზნებარე პოლიტიკური კარიერა დაიწყო. გაგახსენებთ 2004 წელს, როცა ის იყო ნომინირებული ჩვენ ქვეყანაში საგარეო საქმეთა მინისტრად. დღესაც მახსოვს სააკაშვილის მიერ ჩატარებული ბრიფინგი იმჟამინდელ საპრეზიდენტო ოფისში, რომელიც კანცელარიაში მდებარეობდა. ასევე, გახსოვთ, როგორ გამოაძევეს სამინისტროდან. ძალიან დიდი ნაწილი მან ჩემთან და უამრავ ჩემს თანამებრძოლთან ერთად გაატარა იმჟამინდელ ოპოზიციაში, რომელსაც შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია ერქვა. როგორც ცა და დედამიწა, ისეთი სხვაობაა იმჟამინდელ და ამჟამინდელ ზურაბიშვილში. ტრანსფორმაცია მართლაც თვალში საცემია და მისი შეხედულებების, პოლიტიკური გემოვნების რადიკალიზაცია ძალიან სწრაფად განვითარდა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ მისწრაფებებს ამოფარებული ეს ადამიანები სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით აპირებენ პარალელური პროცესების შექმნას.
„როცა ის [ზურაბიშვილი] წარმოადგენს თავის თავს, როგორც მიუმხრობელ და დამოუკიდებელ არბიტრს, რომელსაც უნდა, გააერთიანოს ლამის ერი და ბერი და უნდა, რომ ზემოდან მოექცეს ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ ლიდერს, იგი თავის ოფისს სთავაზობს რადიკალურ ოპოზიციას თავშეყრის ადგილად და ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ მისწრაფებებს ამოფარებულები, ეს ადამიანები მისი ხელმძღვანელობით აპირებენ პარალელური პროცესების შექმნას. მან დღეს დარბაზში თქვა – მობრძანდით ჩემთან, შევქმნათ ქარტია და ასე გავაგრძელოთ ევროპისკენ სვლაო. ერთ-ერთი ქარტია და ერთ-ერთი მოქმედება, რაც შეიძლება, განახორციელოს დღეს ქვეყანამ, არის ის ცხრა ნაბიჯი, რომლის გადადგმა ევროკომისიამ შემოგვთავაზა რამდენიმე თვის უკან. ეს არის ჩვენი ქარტიაც, ეს არის ჩვენი უახლოესი გეგმები, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების. დღეს პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე სწორედ ეს განაცხადა, რომ უმთავრესი ჩვენი მიზანი და მოწოდება არის, წელს ჩავხუროთ ცხრავე რეკომენდაცია და ამ წლის ბოლოს, იმის შემდეგ, რაც სანიმუშო არჩევნებს ჩავატარებთ, გავხსნათ ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი. სად არის აქ ზურაბიშვილის როლი, სად არის აქ დანარჩენი ჩვენი გარადიკალებული ოპოზიციის როლი? როგორც ჩანს, ორბელიანის სასახლეში. ქალბატონ ზურაბიშვილს უნდა ახსოვდეს, რომ მას დროებით უკავია ეს რეზიდენცია. ეს არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის რეზიდენცია, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, თუ მას უნდა „ნაცმოძრაობის“ პარტიული დროშის აღმართვა ამ რეზიდენციაზე, ეს შეუძლია, პირდაპირ თქვას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.