გია ცაგარეიშვილი - ევროკავშირის წევრებში გაურკვევლობას ვხედავთ, ეკუთვნის თუ არა ასოცირებულ ტრიოს კანდიდატის სტატუსი, ვერ ჩამოყალიბებულან, ამან გამოწვია ის, რაც უკრაინაში ხდება
გია ცაგარეიშვილი - ევროკავშირის წევრებში გაურკვევლობას ვხედავთ, ეკუთვნის თუ არა ასოცირებულ ტრიოს კანდიდატის სტატუსი, ვერ ჩამოყალიბებულან, ამან გამოწვია ის, რაც უკრაინაში ხდება

სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრებს შორის გაურკვევლობას ვხედავთ იმ საკითხთან, ეკუთვნის თუ არა ასოცირებულ ტრიოს უკვე კანდიდატის სტატუსი და შემდეგ ნამდვილი სტატუსი. ჩვენი ევროპელი კოლეგები ვერ ჩამოყალიბებულან. სამეზობლოსთან გაურკვევლობამ და ამ ჩამოუყალიბებლობამ ის გამოწვია, რაც უკრაინაში დღეს ხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ავსტრიის კანცლერის განცხადებაზე  საუბრისას აღნიშნა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ცაგარეიშვილმა განუცხადა, აგრესორთან და დამპყრობელთან ენის მოჩლექით საუბარი არ შეიძლება.

„აგრესორთან და დამპყრობელთან ენის მოჩლექით საუბარი იმაზე ფიქრით, რომ იქნებ, როგორმე, კონკრეტული ქვეყანა გადარჩეს რუსულ აგრესიას, ბოლოს მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რასაც ახლა უკრაინაში ვუყურებთ. ეს ყველაფერი 2008 წელს საქართველოში მოხდა. ფაქტობრივად, მარტო აღმოვჩნდით პირდაბჩენილი აგრესორის წინააღმდეგ. კარგად მახსოვს, ზოგიერთმა პეკინის ოლიმპიადაც გამოიყენა და მშვიდობისმყოფელად მოგვევლინა გაცხადებული ომის დროს. ოღონდ, ეს მშვიდობისმყოფელობა მხოლოდ ჩვენ დაგვაკისრეს და არა რუს აგრესორს, შედეგად მივიღეთ ფაქტობრივად დანგრეული ქვეყანა, ჩვენი მიწების 20 პროცენტი ოკუპირებულია. ფაქტობრივად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან არავითარი რეაქცია არ იყო, თუ თითო-ოროლა ქვეყანას არ ჩავთვლით, ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, პოლონეთის, რუმინეთის და სხვების. მაშინ ინსტიტუცია, როგორც ევროკავშირი ძალიან ცუდად გამოჩნდა, ამ კრიზისს ვერ გაუძლო, ინსტიტუციურ სიმაღლეზე ვერ იყო, ხმამაღლა არ დაგმო რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა ყირიმის ოკუპაცია და ევროპელებს არც მაშინ ამოუღიათ ხმა და სამწუხაროდ, ამას მოჰყვა უკრაინის ომი. ურემი გადატრიალდა და გზა გამოჩნდა. ახლა, როცა ხალხი იხოცება, ადამიანები ფიქრობენ, რა უნდა მივანიჭოთო – ეს იყოს კანდიდატობა, თუ შექმნას რაღაც კვაზი გაერთიანება, სადაც შერეკავენ წევრობის მოსურნე ქვეყნებს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ამ სამ ქვეყანაზე, არამედ ალბანეთზე, სერბეთზე, ბოსნია ჰერცოგოვინაზე და ა.შ.“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გია ცაგარეიშვილის განცხადებით, „ხელოვნური ბარიერების აღმართვა მაშინ, როცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღო არა მხოლოდ ამ ქვეყნებისთვის, არამედ შენი კავშირის მომავლისთვის, არის წარმოუდგენელი რამ“.

„ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში დენთის სუნი არ მიუვიდათ? ეს ვენაში, ბერლინში, პარიზში, რომში, ან ლონდონში არ იგრძნობა? – მგონი, იგრძნობა, რადგან რვა მილიონი უკრაინელი იქცა დევნილად და თავი შეაფარეს ევროპას. ეს არის გაუგონარი ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც ძალას იკრებს და დასასრული არ უჩანს. კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ განგვიმარტონ, ჩვენგან რა უნდათ. ჩვენ კანდიდატობაზე განაცხადის გაკეთებას 2024 წელს ვაპირებდით, მაგრამ ეს პროცესი დავაჩქარეთ, კითხვარი შევავსეთ, სხვა რა უნდა გავაკეთოთ? – ახლა ჯერია ევროკავშირზე, მათ შორის ამერიკასა და ნატო-ზე. ისინი ამ გამოწვევას გაუძლებენ, თუ კიდევ უკან დაიხევენ პუტინის წინაშე? თუ უკან დაიხევენ, გარწმუნებთ, რომ ეს სისხლიანი ტალღა ძალიან მალე მივა ევროპის ქვეყნებამდე ცენტრალურშიც და დასავლურშიც. ეს ტალღა ეხეთქება თბილისს და კიევს, თუ თბილისი და კიევი წაილეკა, რა თქმა უნდა, პრაღამდე, ვენამდე, პარიზამდე, ბერლინამდე და ყველა იმ სკეპტიკოსამდე მივა, ვინც აპირებს იაფი გაზი შეიძინოს, დოლარები და ევროები გაუგზავნოს და ხალხი აჟლეტინოს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, ავსტრიის კანცლერი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა და მოლდოვა, თანამშრომლობასა და სრულფასოვან წევრობას შორის შუალედური ეტაპის ინიციატივით გამოვიდა.